ჩინური ავიაკომპანია Air China საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს
შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით,
პეკინსა და თბილისს შორის ფრენები მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან,
ქალაქ ურუმჩის გავლით შესრულდება.
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი
ავიამიმოსვლის დაწყება დადებითად აისახება საქართველო - ჩინეთის
ურთიერთობებზე. ავიარეისები თბილისსა და
პეკინს შორის კვირაში 2
სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო
ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Air China-ს ოპერირების ნებართვა
დღეს მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Air China საქართველოს ბაზარზე 2024
წლის დეკემბერში შემოვიდა. დღეის მდგომარეობით ავიაკომპანია ფრენებს
თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში 2 სიხშირით ასრულებს და მიმდინარე
წლის 10 თვის მდგომარეობით 25 035 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.