საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის
პირველი ოქტომბრიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო
და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა.
2018 წლის 29 აგვისტოდან 2026 წლის აპრილამდე საქართველოს ელჩი
აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე იყო. მიმდინარე წლის 28 აპრილს ის აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს -
პატარაძე ამ თანამდებობას 2016-2018 წლებშიც იკავებდა.
გიორგი ზაქარაშვილს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა
და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება
აქვს. 2026 წლის პირველ ოქტომბერს მას ეწურება როტაციის ვადა
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და სუამ-ში
საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე, რომელსაც იგი 2021
წლიდან იკავებდა.
უწყების ცნობით, 2016-2019 წლებში გიორგი ზაქარაშვილი რუსეთის
ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს
ინტერესების სექციის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იყო, ხოლო
2012-2016 წლებში — უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და სუამ-ში
საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი
დესპანი.
სხვადასხვა დროს მას, ასევე, ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს
პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორისა და
ცენტრალური აზიის ქვეყნებთან
ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობები.
გიორგი ზაქარაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის
დიპლომატიური რანგი.