თბილისში "საქართველოს ბანკში" ნიღბიანი პირი შეიჭრა
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თბილისში, სამგორის რაიონში, „საქართველოს ბანკის" ფილიალში ყაჩაღობა მოხდა. ნიღბიანმა კაცმა ბანკიდან ფული წაიღო. ფილიალთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებმა მოქალაქემ გვითხრა, რომ ისმოდა სროლის ხმაც.

"დეტალებზე მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს", - უთხრეს რადიო თავისუფლებას "საქართველოს ბანკში".

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ბოლო წლებში „საქართველოს ბანკში" შეჭრის სხვა შემთხვევებიც იყო.

ამ დრომდე არ არის დაკავებული ბადრი ესებუა, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკში" შეიჭრა და ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო. მასზე ძებნა არის გამოცხადებული.

თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა, თავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის" ფილიალში 43 ადამიანი აიყვანა მძევლად.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის იმდროინდელ დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა „საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალში გასული წლის სექტემბერს. ამ საქმეზე ბრალდებული შალვა მელიქიშვილი შსს-მ დააკავა.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər