მარნეულში 15 წლის გოგო, სავარაუდოდ, დანიშნეს
ქალაქ მარნეულში 15 წლის გოგო, სავარაუდოდოდ, დანიშნეს. ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ ანონიმურმა წყარომ მოაწოდა და თქვა, რომ მოზარდი იძულებით დანიშნეს დაახლოებით 10 წლით უფროს კაცზე. არასრულწლოვანის დანიშვნის ფაქტი ჩვენ ადგილობრივებთანაც გადავამოწმეთ. როგორც გოგოს ახლობლები ჰყვებიან, მოზარდი ძალით მისმა მამინაცვალმა დანიშნა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მამინაცვალმა არასრულწლოვანის გათხოვება სცადა, პირველ ჯერზე მას ხელი შეეშალა, ხოლო ახლა ნიშნობა ფარულად შედგა, რათა ფაქტი მეზობლებისაგან და ახლობლებისან დაემალათ. ანონიმური წყარო გვიყვება, მიუხედავად იმისა, რომ გოგო 15 წლისაა და წესით, მეცხრე კლასში უნდა იყოს მას სკოლაში არასდროს უსწავლია.

„გოგო მაქსიმუმ 16 წლის იქნება. თუ ნაკლები არა. სულ ჰყავდა ხელის მთხოვენებლი, მაგრამ არ გაუთხოვებიათ. ახლა ვიზეც ათხოვებენ, ამბობენ, რომ კარგი ბიჭია, მამინაცვლის ნათესავი. გვეუბნებიან, რომ ბიჭი 23 წლის არის, მაგრამ გვითხრეს, რომ ბევრად უფროსია. მამინაცვალი ამბობს, რომ გოგოს არაფერი დაემართება, კარგ ოჯახში ათხოვებს. გოგოს არ უნდოდა, მაგრამ ტელეფონი აჩუქეს და ოქრო უყუდეს - გაეხარდა და დათანხმდა. გოგოს დედაც თანახმაა. ბავშვიანად მოვიდა ამ კაცის ოჯახში. როგორც ვიცით, გოგოს არანაირი საბუთი არ აქვს და არასდროს უვლია სკოლაში. ქორწილის გადახდას სექტემბერში გეგმავენ. ადრეც უნდოდათ გაეთხოვებინათ. მეჩეთიდან იღებენ დახმარებას და როგორც ვიცით, იქ უთხრეს, რომ ბავშვი არ გაეთხოვებინათ. არ შეიძლება 18 წლამდე. ისიც უთხრეს რომ თუ გაათხოვებდნენ ამ მამინაცვალს დაიჭერდნენ. მაშინ შეეშინდათ და უკან დააბრუნეს ბეჭედი“- ანონიმურობუს დაცვის გარანტით გვიყვება წყარო.

ფაქტის შესახებ ინფორმაცია უკვე აქვს სახალხო დამცველს. 

Print