₾2 მილიონის ინვესტიცია ალგეთის პარკში - რა სიახლეები იგეგმება ვიზიტორებისთვის?
ალგეთის ეროვნულ პარკში, ბირთვისის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე, 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამის შესახებ BM.GE-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს.
საქმე ის არის, რომ 2021 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში კომპანია "ეკოტურისტმა" გაიმარჯვა და ალგეთის ეროვნულ პარკში ტურისტული მომსახურების მართვის 3-წლიანი უფლება მიიღო.

კერძოდ, 2024 წლის ბოლომდე „ეკოტურისტმა“ ძეგლის ტერიტორიაზე არსებულ 198 009 კვ/მ არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყოს. სამუშაოები 2023 წლის გაზაფხულიდან დაიწყება.

„ეკოტურის“ ტერიტორიაზე მოეწყობა დაკიდებული ხიდები, საფეხმავლო ბილიკები, საქანელა, კედელზე საცოცი ატრაქცია, კოტეჯები, კვების ობიექტი და ბირთვისის ბუნების ძეგლამდე მისასვლელი გზა, მათ შორის საფეხმავლო ბილიკი. ზუსტი კილომეტრები საბოლოო პროექტის მიხედვით დადგინდება. ამჟამად რენდერების დამუშავება მიმდინარეობს“, - განუცხადეს BM.GE-ს სააგენტოში.

"მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით, ალგეთის ეროვნულ პარკს 12 636 ვიზიტორი ესტუმრა. „პანდემიის ფონზე ვიზიტორთა ნაკადების ზრდა შესამჩნევია. განსაკუთრებით აღსანიშნია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები აქტიურად დაუბრუნდნენ ბუნებაში მოგზაურობას“, - აცხადებენ სააგენტოში.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციითვე, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ალგეთის პარკში სხვადასხვა ეკოტურისტულ-ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. კერძოდ, გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით, მოეწყო მანგლისში ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობა და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა, განახლდა მანგლისის ცენტრალური პარკიც.

„გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ალგეთის ეროვნულ პარკში მოეწყო 117 კილომეტრ სიგრძის 6 საფეხმავლო ბილიკი, 2 ვიზიტორთა თავშესაფარი, საკემპინგე და საპიკნიკე სივრცეები, სველი წერტილები. ინვესტიციამ 858 962 ლარი შეადგინა“, - უთხრეს BM.GE-ს დაცული ტერიტორიების სააგენტოში.


ცნობისთვის: ალგეთის ეროვნულ პარკში მოგზაურობა მანგლისის ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება, რომლის ეზოშიც მოწყობილია ატრაქცია „თოკების პარკი". ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ ახლადგახსნილი "წალკის კანიონი", ესტუმრონ ბირთვისისა და სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლებს და კლდეკარის ციხე-სიმაგრეს. დღეისთვის პარკში ფუნქციონირებს 6 საფეხმავლო ბილიკი, საპიკნიკე და საკემპინგე სივრცეებით, სველი წერტილებითა და ტურისტული თავშესაფრებით. ადგილზე შესაძლებელია საცხენოსნო, ველო თუ საფეხმავლო ტურების განხორციელება.

წყარო: ბმ
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər