ბათუმის ავტობანის 330-მილიონიანი პროექტი შეფერხებით მიმდინარეობს - მიზეზები
ბათუმის ავტობანის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობს. პროექტთან დაკავშირებით BM.GE-მ საჯარო ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გამოითხოვა.

მათი ცნობით, ბათუმის შემოვლითი გზის კმ-1+000 - კმ13+325 მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები 2022 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღეს სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს. ავტობანის 330 მლნ ლარის ღირებულების მონაკვეთის პროექტის დასრულების შესახებ უწყების მიერ გამოგზავნილ პასუხებში დაზუსტებული არ არის.

„სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 329,630,734.78 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, კონტრაქტორის მხრიდან საჭირო რესურსის არასათანადო მობილიზაციის გამო, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სუსტი პროგრესით. კონტრაქტორი კომპანია როგორც დეპარტამენტის, ასევე საზედამხედველო კომპანიის მხრიდან არაერთგზის იქნა გაფრთხილებული და მიეცა მითითება ემოქმედა ხელშეკრულების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან არ იქნება მიღებული შესაბამისი ზომები სამუშაოების პროგრესის გასაზრდელად, დეპარტამენტი განახორციელებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცედურებს“, - განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

უწყების ცნობითვე, გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს JV “Polatyol&Mapa” ახორციელებს, ხოლო მისი დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად 2022-2023 წლებში.

„ბათუმიდან-გრიგოლეთამდე გზის თაობაზე, გაცნობებთ, რომ 2018 წელს სრულად ექსპლუატაციაში გაეშვა ქობულეთის შემოვლითი გზა, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის მშენებლობა, რომლის დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად 2022-2023 წლებში. E-70 გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის კმ00+000 - კმl4+000 მონაკვეთის სახელშეკრულებო ღირებულება 228,721,622.00 ლარს შეადგენს“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ცნობისთვის: უწყების ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზა 13-კილომეტრიანი მონაკვეთს მოიცავს. პროექტის ფარგლებში აშენდება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

წყარო: ბმ
Print