თერჯოლაში კაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა - ქალი დაიღუპა
თერჯოლაში კაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა, ბრალდებული კი დაშავდა და კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევა ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა, 24 ნოემბრის საღამოს საათებში.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დაინიშნა ექსპერტიზები.

ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ კაცს წარსულში ქალზე ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი - შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის ომბუდსმენის აპარატი პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებას მოითხოვს
მხოლოდ 2022 წლის პირველ ათ თვეში ქმარმა, ყოფილმა ქმარმა თუ პარტნიორმა 16 ქალი მოკლა. 2014 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, საქართველოში 190-მდე ქალია მოკლული.

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიშში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" წერდა, რომ გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა სასამართლოს ძირითადად ოჯახურ დანაშაულებში გამოტანილი გადაწყვეტილებების ხარჯზე აქვს გაუმჯობესებული.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər