შარშან გადაწყვეტილება არაპოლიტიკური რომ ყოფილიყო, კანდიდატის სტატუსს მივიღებდით – კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აფასებს ევროკომისიის ანგარიშს. მისი თქმით, ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ 2022 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო და არა – ობიექტური.

საუბარია ევროკომისიის 2 თებერვლის ანგარიშზე, რომელშიც შეფასებულია უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს შესაძლებლობები, აიღონ ვალდებულებები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.

„შეფასების დოკუმენტით ევროკომისიამ თავადვე დაადასტურა ის, რასაც გასული წლის ივნისიდან ვამტკიცებდით – ანგარიშიდან ცხადად ჩანს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. საქართველო მნიშვნელოვნად, მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით უსწრებს უკრაინას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად სამართლიანი იყო ევროკავშირის სტრუქტურების მიერ შარშან მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება – ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიგვინდვია“, – ამბობს კობახიძე .

ის კვლავ ადანაშაულებს „რადიკალურ ოპოზიციას, მასთან დაკავშირებულ NGO-ებსა და მედიასაშუალებებს“ ქვეყანაში ვითარების არევისა და პოლარიზაციის გაღრმავებაში.

„ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

შარშან გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო მიღებული არა პოლიტიკური კუთხით, არამედ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ჩვენ აუცილებლად მივიღებდით კანდიდატის სტატუსს“,
– ამატებს ის.

ევროკომისიამ 2 თებერვალს გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიშები, სადაც შეფასებულია უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს შესაძლებლობები, აიღონ ვალდებულებები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.

ანგარიშებში დეტალურად არის გაანალიზებული, რას მიაღწიეს ქვეყნებმა ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობის კუთხით, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის საერთო უფლებების და ვალდებულებების ერთობლიობას. ანგარიშები ავსებს 2022 წლის ივნისში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სამი ქვეყნის განაცხადების თაობაზე ევროკომისიის მიერ მიღებულ მოსაზრებებს. მოსაზრებების შესაბამისად, რომელიც ამ კონტექსტში შესასრულებელი პრიორიტეტების რიგს განსაზღვრავს, ევროპულმა საბჭომ სამ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა, უკრაინასა და მოლდოვას კი– კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ანგარიშებში კომისიამ შეაფასა ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) მიახლოების დონე სამი განმცხადებელი ქვეყნის მიერ შევსებული კითხვარების საფუძველზე. ანგარიშებში ასევე გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებებზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებზე (AA/DCFTA), მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური დიალოგის ფარგლებში მიღებული აქტუალური ინფორმაცია ამ შეთანხმებების განხორციელების შესაფასებლად.

სამივე განმცხადებელი შეფასდა ერთი და იგივე კრიტერიუმებით, საკუთარი დამსახურების საფუძველზე.

საქართველოში ევროკავშირის საელჩოს განცხადებით, დღევანდელი ანალიტიკური ანგარიშები გვაძლევს წარმოდგენას სამი ქვეყნის შესაძლებლობებთან მიმართებაში, შეასრულონ ევროკავშირის წევრობაასთან დაკავშირებული ვალდებულებები.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər