„ურთულესი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სხვა გზა არ
დაგვრჩა,“- ამბობს გიორგი კირთაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
მან, ბათუმის საკრებულოს შვიდმა წევრმა და პარტიის რამდენიმე სხვა
წევრმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს.
პარტიის უკვე ყოფილი ლიდერები დღეს, 4 დეკემბერს მოწყობილ ბრიფინგზე
აცხადებდნენ, რომ პარტიის დატოვების მიზეზი ენმ-ს ახალი მენეჯმენტი და
მისი გადაწყვეტილებებია.
„ჩვენ ამ გადაწყვეტილებით შიდაპარტიულ დაპირისპირებას
დავუსვით წერტილი… ჩვენი ამოცანა იყო, არის და იქნება ბიძინა
ივანიშვილის რუსული რეჟიმის დამარცხება… „ნაციონალური მოძრაობის“
ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება თავისი
შინაარსით და ფორმით სამწუხაროდ არაფრით განსხვავდება იმ პარტიისგან,
რომლის წინააღმდეგ ბრძოლაში ვართ ჩვენ წლების განმავლობაში…
ვტოვებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ თითოელ ჩვენთაგანს იხილავთ
ბრძოლის ველზე რუსული „ოცნების“ წინააღმდეგ,“ – ამბობს
მირდატ ქამადაძე, ის ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი იყო ბათუმში.
ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფლების კვარტალი – ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ 13 წევრიდან 7 ტოვებს ენმ-ს.
ბაჩი მექვაბიშვილი, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფლების
კვარტალი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ
ფრაქციის დატოვებას არ აპირებს, ფრაქციას კი, სახელი მაშინ შეეცვლება,
თუ მას ენმ-ს წევრები დატოვებენ.
„ფრაქციის იმ წევრებმა, რომლებიც ენმ-ს წევრები არიან,
თავად უნდა მიიღონ ინდივიდუალურად გადაწყვეტილებები,“ –
ამბობს ნოდარ დუმბაძე, ფრაქციის თავმჯდომარე.
„ნიკა მელია პროდასავლურ ოპოზიციურ სპექტრში არის
გამორჩეული ლიდერი, თუ ის გააკეთებს ახალ პოლიტიკურ პარტიას, მე
პირადად მასთან ერთად ვიქნები.
პარტია მოიქცა ძალიან არასწორად, როცა ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ
ლიდერს ასე ექცევი პარტიაში, ჩემი აზრით, შანსი იმისა, რომ
ოლიგარქიული რეჟიმი დაამარცხო, მინიმუმამდე დადის… ჩვენი მთავარი
მიზანია ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება და პოლიტიკური
მართლმსაჯულების დასრულება ამ ქვეყანში, მიშას თავისუფლება, სხვა
პოლიტიკური პატიმრების თავისუფლება მართლა გადის სწორ კოორდინაციაზე
პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს შორის,“ - ამბობს
გიორგი კირთაძე. ის თვითმმართველობის წინა არჩევნებზე ბათუმის მერობის
კანდიდატი იყო.
გიორგი კირთაძე ამბობს, რომ სხვები „ინდივიდუალურად მიიღებენ
გადაწყვეტილებებს“.