საქართველოში 140.5 ათასი ადამიანი 600 ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებს.
ამის შესახებ PMCG-ის კვლევაში მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს. კერძოდ,
2025 წლის 1-ლი კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში ხელფასის მიმღები
იყო ჯამში 937 ათასი პირი, საიდანაც 15% - 600 ლარამდე ხელფასს
იღებდა, 22% - 600-1199 ლარამდე, 33% - 1200-2399 ლარამდე, 29% - 2400
ლარიდან ზემოთ.
კვლევაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 1-ლი კვარტლიდან 2025 წლის 1-ლი
კვარტლის ჩათვლით, საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ნომინალური
ხელფასები სტაბილურად იზრდებოდა. უფრო კონკრეტულად, საშუალო ხელფასმა
საქართველოში 2019 წლის 1-ელ კვარტალში დაახლოებით 1,093 ლარიდან 2024
წლის მე-4 კვარტალში 2,218 ლარს მიაღწია, რაც თითქმის ორმაგი
ზრდაა.
თუმცა, Pmcg-ის განმარტებით, ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური
ხელფასების ზრდა შედარებით ზომიერი იყო, კერძოდ, საშუალო რეალური
ხელფასი 2019 წლის 1-ელ კვარტალში 934 ლარიდან 2024 წლის მე-4
კვარტალში 1,400 ლარამდე გაიზარდა.
ამასთან, ბოლო მონაცემებით, 0-დან 600 ლარამდე თვიური ხელფასის
მიმღებთა რაოდენობა 2021 წლიდან სტაბილურად მცირდებოდა, რის შედეგადაც
2025 წლის 1-ელ კვარტალში 2021 წლის 1-ელ კვარტალთან შედარებით,
მაჩვენებელმა 40.3%-ით დაიკლო. გარდა ამისა, შემცირდა იმ პირთა
რაოდენობაც, რომლებიც 600-დან 1199 ლარამდე თვიურ ხელფასს იღებდა
(-17.7%).
„ამის საპირისპიროდ, 1,200-დან 2,399 ლარამდე თვიური
ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა 2025 წლის 1-ელ კვარტალში
მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის კვ. II-ში ამ სეგმენტში კლების
ტენდენცია შეინიშნებოდა. თუმცა, ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა იმ
პირთა შორის, რომლებიც 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდა,
კერძოდ, აღნიშნულ კატეგორიაში ადამიანების რაოდენობა 2025 წლის 1-ელ
კვარტალში 2021 წლის 1-ელ კვარტალთან შედარებით, თითქმის
გაორმაგდა“,- აღნიშნულია კვლევაში.