"მგონია, გაცნობიერებული აქვს, რომ მისი აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო" - ედუარდ სააკაშვილი მამაზე
ყოფილი პრეზიდენტის შვილის, ედუარდ სააკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს გაცნობიერებული აქვს, რომ მისი საქართველოში დაბრუნება "შეცდომა იყო". ამის შესახებ მან კლინიკა "ვივამედში" მამის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ეს მისგან არაერთხელ გამიგია. მგონი ამას მიხვდა, ფიქრობს, რომ არც უნდა ჩამოსულიყო და დღეს მისი პრიორიტეტია, უბრალოდ გადარჩეს და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა", - უთხრა ედუარდ სააკაშვილმა ჟურნალისტებს.

მანვე აღნიშნა, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილის სხეული და მდგომარეობა უფრო გადარჩენის რეჟიმშია, ვიდრე პოლიტიკური გეგმების რეჟიმში:

"ჩემთვის რთული წარმოსადგენია ამ მდგომარეობაში ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინაში იქნება თუ სად იქნება, არ ვიცით. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და თავადაც არ დარდობს დიდად".

მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

წყარო: რადიო თავისუფლება საქართველო
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər