რატომ არ უნდა იყენებდნენ Mail.ru-ს მარნეულის თვითმმართველობაში
რუსული სერვისების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების გამოყენება საქართველოს მოქალაქეებისათვის საფრთხის შემცველია. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე აცხადებს, რომ რუსული პროდუქციის გამოყენება საქართველოს მოქალაქეებისათვის, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეებისათვის, სახიფათოა, რადგან რუსეთში ზღვარი კრემლის პოლიტიკასა და ბიზნესს შორის წაშლილია.

„ნებისმიერი კომპიუტერული სერვისი აგროვებს როგორც პერსონალურ ინფორმაციას მის მომხმარებელზე, ასევე ინფორამციას მის იმჟამინდელი ადგილმდებარეობის, მისი ჰობის, მისი მოსანახულებელი ადგილების შესახებ. ასევე, შესაძლებელია გააქტიურებული იყოს, მომხმარებლის ნებართვის გარეშე, ვიდეოკამერა და აუდიო მიკროფონი, რითაც ხდებოდიეს მისი პირადი ცხოვრების თუ სამსახურებრივი ურთიერთობების ჩაწერა და არასანქცირებულად გადაცემა რუსულ სპეცსამსახურებზე“.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის განმარტებით, წლების განმავლობაში საქართველოში რუსული ელექტრონული ფოსტის Mail.ru-ს გამოყენება შემცირდა. აღნიშნავს, რომ ხუთი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით ცენტრალურ ხელისუფლებასა და სამინისტროებში რუსული ელექტრონული ფოსტის მოხმარება სრულიად შემცირდა, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე საჯარო მოხელეები და პოლიტიკოსები Mail.ru-ს ამ დრომდე იყენებენ.

Mail.ru-ს გამოყენების კლების ტენდენცია მარნეულელე საჯარო მოხელეებშიც შეინიშნება, მაგრამ დღემდე არიან ისეთი მოხელეები, რომლებიც რუსულ ელექტრონულ ფოსტას იყენებენ. რადიო „მარნეულმა“ მერიის საიტზე 7 საჯარო მოხელესა და საკრებულოს დეპუტატს მიაგნო, რომლებიც ჯერ კიდევ Mail.ru-ს იყენებენ. აქედან ორი ომარ ირიშოვი და გივი გიორგაძე საკრბეულოს წევრები არიან.



ხოლო ნიკოლოზ გოგოჭური, რიმა ოთარაშვილი, დავით აროშიძე და ალექსი ურუმოვი მერიაში არიან დასაქმებული.

„საჯარო მოხელეების მიმოწერა თავისთავად შეიცავს სახელმწიფოსათვის სენსიტიურ, მგრძნობიარე, მასალებს რაც პირდაპირ შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთის ხელში, რუსეთი კი ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი ერთადერთი სახელმწიფოა. ამის გარდა, სერვერი და აპლიკაციები აგროვებს ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, რომელიც სამსახურებრივ ურთიერთობასთან არანაირ კავშირში არაა. მაგალითად, Mail.ru-ს შეუძლია, განსაკუთრებით თუ ტელეფონზეა მიბმული, თავად გაარკვიოს თქვენი იმწუთიერი ადგილმდებარეობა, რომელ ობიექტებზე შედიხართ საყიდლად, ან კვებისთვის. ასევე, შესაძლებელია ამოიღოს თქვენს ტელეფონში არსებული სხვადასხვა ფოტო სურათები, აუდიო ფაილები, თქვენი კონტაქტები და გადაგზავნოს ისინი თქვენი გაფრთხილების და თქვენი ინფორმირების გარეშე. რუსეთმა ეს ინფორმაცია შეიძლება გამოიყენოს დაშინებისთვის, შანტაჟისთვის, ფულის გამოძალვისთვის, ინფორრმაციის მოპოვებისთვის ან სულაც კომპრომეტაციისთვის, მაგალითად ტელეფონში შენახული ფოტო სურათის ან ჩანაწერის გავრცელებით. ასეთი რამ არაერთხელ გაუკეთებია რუსულ სპეცსამსახურს“.

ანდრო გოცირიძის განცხადებით რამდენიმე ქვეყანამ უკვე სრულიად აკრძალა რუსული სერვისების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების გამოყენება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნის საჯარო სექტორში სრულიად აკრძალა რუსული პროგრამების მოქმედება, ვინაიდან კასპერსკის ანტივირუსი საჯარო მოხელეებისაგან ინფორმაციას იპარავდა. საჯარო მოხელეები რუსული პროგრამების გამოყენებისაგან თავის შეკავების მიზნით გააფრთხილა ლიეტუას თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ცენტრმაც, რადგან ისინი ახდენენ მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და რუსეთში გადაგზავნას.

„გარდა წმინდა უსაფრთხოების კუთხისა, ასევე არსებობს კიდევ ერთი მიმართულება, რომ ამგვარი სერვისები ძირითადად რუსეთის მიერ გამოყენებულია საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად, ცნობიერების შესაცვლელად, დეზინფორმაციის გასავრცელებლად, ანტიდასავლური განწყობების შესაქმნელად, გნებავთ ეთნიკური თუ რელიგიური კონფლიქტების გასაღვივებლად, რაც რუსეთის ინტერესია საქართველოში. ბუნებრივია, ოკუპანტი სახელმწიფოს როგორც პროგრამული რესურსი, ისე ტექნიკური თუ ინტელექტუალური კუთხით საქართველოსთვის მიუღებელია. მითუმეტეს მიუღებელია საჯარო მოხელეებისათვის რომლებიც იმ სახელმწიფოს სამსახურში დგანან რომლის მიმართაც კრემლი აშკარად მტრულადაა განწყობილი“.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის განცხადებით, კრემლი ხშირ შემთხვევაში ცდილობს რომ რუსულენოვანი მოსახლეობა საკუთარი გავლენების გასაძლიერებლად გამოიყენოს. ვლადიმერ პუტინმა 6 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას რომლითაც ის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე არა მარტო რუსული წარმოშობის, არამედ რუსულენოვან მოქალაქეებსაც დაიცავს. გოცირიძის განმარტებით, პუტინის აღნიშნული გადაწყვეტილება საფრთხისშემცველია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის რომლებიც უნდა ეცადონ არ გახდნენ რუსული ინტერესების გამტარები. ის მოსახლეობას მოუწოდებს მაქსიმალურად შეამცირონ რუსული ენის გამოყენება როგორც სამსახურებრივ ურთიერთობებში, ასევე კომპიუტერულ ტექნიკასა და პროგრამებში.

რადიო „მარნეული“

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər