ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლებს გზის ასანაზღაურებლად მერიაში საბუთების განახლება ისევ მოუწევთ
მარნეულის მერია არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებლებს გზის თანხის ასანაზღაურებლად ერთი და იმავე საბუთების მიტანას უკვე მორედ სთხოვს. საუბარია ქართული, როგორც მეორე ენის საგნობრივ პროგრამაში ჩართულ პედაგოგებზე, ვისაც ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვიურად 50 ლარით აფინანსებს. მასწავლებლები, რომლებიც ანონიმურობის დაცვის გარანტით ჩავწერეთ, ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია რატომ უწევთ რამდენიმე თვეში ერთხელ დოკუმენტების წარდგენა, რაშიც, ფაქტობრივად, იმ თანხას ხარჯავენ, რასაც მერია აძლევს.

„მაისში ჩავაბარეთ დოკუმენტაცია( ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, საბანკო რეკვიზიტები და ა.შ). სექტემბერში წერილი მოვიდა,რომ დირექტორს უნდა გაეგზავნა იმ პირების მონაცემები ვისაც სხვა ქალაქიდან უწევს ტრანსპორტირება სკოლამდე. შემდეგ გავარკვიეთ,რომ მხოლოდ ეს არ იყო საჭირო და თავიდან უნდა მოგვეგროვებინა ის დოკუმენტაცია,რომლებიც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ჩავაბარეთ.როცა გავიგეთ უკვე გვიანი იყო, ფაქტობრივად ვადა ამოწურული და დავუწყეთ დაჩქარებული წესით გაკეთება,რომელიც მოითხოვს დროს,ფინანსებს და თან ცოტა გაუგებარია დირექტორის მიწოდებული სია ასე უნდობლობას რატომ იწვევს და რატომ გვჭირდება ყოველ სამ-ოთხ თვეში ფინანსების ხარჯვა“

„დოკუმენტების ნაწილში ფული გადავიხადეთ,რიგებში ვიდექით,დავხარჯეთ დრო და ფული. ახლა ისევ ითხოვენ. რაღაც,არ გამოიყურება ეს ამბავი ნორმალურად გაზაფხულზე არ იცოდნენ,სექტემბრიდან რომ ახალი სასწავლო წელი დაიწყებოდა და აუდიტი მოითხოვდა ახალ დოკუმენტაციას?“

„რამდენიმე დღის წინ, წინა კვირის ბოლოს, სკოლაში მოვიდა წერილი, რომ ისევ თავიდან გვიწევს იმ საბუთების შეგროვება, რომელიც მაისის ბოლოს უკვე მივიტანეთ მარნეულის მერიაში, რათა ჩვენი გზის ხარჯის ანაზღაურება მოხდეს. ყველაზე რთული საინფორმაციო ბარათის აღებაა, დრო სჭირდება, რიგში დგომა იუსტიციის სახლში და ასევე დაჩქარებული წესით რომ ავიღოთ თანხის გადახდაც გვიწევს. მართლა არ მაქვს დრო, სკოლიდან რომ ჩავდივარ, უკვე ის დროა არანაირი დაწესებულება არ მუშაობს, ამიტომ ვერ ვახერხებ აღებას“
- ამბობენ მარნეულში მომუშავე მასწავლებლები.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნულ საკითხზე ამბობენ, რომ მასწავლებლებს საბუთების განახლება ადგილობრივ თვითმმართველობაში წელიწადში ერთხელ მოუწევთ. იმავე დოკუმენტების მაისის თვეში მიტანას კი საკრებულოს ახალი დადგენილებით ხსნიან.

„წლის დაწყებასთან დაკავშირებით ვიღებთ ახალ საბუთებს. მაისში როდესაც შემოიტანეს საბუთები, მათ აუნაზღაურდათ მაისი და ივნისის მგზავრობის თანხები. საკრებულოს დადგენილებით, 10 თვის განმავლობაში უნაზღაურდებათ თანხა. განახლებულ წელთან დაკავშირებით ახლიდან უნდა შემოიტანონ საბუთები, რათა უკვე დაიწყოს სექტემბრიდან 10 თვის ჩათვლით ანაზღაურება ტრანსპორტის თანხის.“ - გვითხრეს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის საკრებულომ 140 მასწავლებლის მგზავრობის დაფინანსების საკითხი 2022 წლის 18 აპრილს დაამტკიცა. თითო პედაგოგის მგზავრობის თანხას მერია ყოველწლიურად 500 ლარით აფინანსებს. 140 მასწავლებელზე კი 10 თვის განმავლობაში ბიუჯეტიდან 7 000 ლარს გამოჰყოფს.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər