„მასწავლებლობა ჩემი შინაგანი სამყაროს გამოძახილია“ - მაკა მენთეშაშვილი
სიყვარული, მეგობრობა, ურთიერთობა, ნდობა, პატივისცემა და ერთგულება - ეს ის მთავარი ღირებულებებია, რაც მარნეულელი პედაგოგის აზრით, მასწავლებელს უნდა ჰქონეს. მაკა მენთეშაშვილი შვიდი წელია, რაც საგანმანათლებლო სფეროშია. მისი სამასწავლებლო კარიერა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოს სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობით დაიწყო. მაკა ამჟამად სოფელ წერეთლის საჯარო სკოლაში მუშაობს. ამბობს, რომ მისი თავი სხვა პროფესიაში ვერ წარმოუდგენია.

„მასწავლებლობა ჩემთვის ყველაფერია: სიყვარულია, მეგობრობაა, ურთიერთობაა, ნდობაა, პატივისცემაა, ერთგულებაა - მოკლეთ ჩემი შინაგანი სამყაროს გამოძახილია. ჩემი არჩევანი პირველ რიგში ქართული ლიტერატურის სიყვარულმა განაპირობა. წლების წინ, როცა ეს პროფესია ავირჩიე, ჯერ კიდევ არ იყო ანაზღაურება მომხიბვლელი. ავირჩიე იმიტომ, რომ მიყვარს ადამიანები პირველ რიგში და ბავშვები მითუმეტეს. ზოგადად, ყველა საქმეს სჭირდება სიყვარული, სხვაგვარად ყველაფერი ზედაპირული, უშინაარსო და მომაბეზრებელი ხდება. ბედნიერი ვარ ამ საქმეს რომ ვემსახურები, სხვა პროფესიაში ჩემი თავი ვერც კი წარმომიდგენია“

პედაგოგის თქმით, მასწავლებელზე ბევრი რამეა დამოკიდებული. მათ შორის ყველაზე მთავარი, მოსწავლეების სწორი ღირებულებებით აღზრდა და განვითარებაა.

„ჩვენზეა დამოკიდებული მომავალი თაობების აღზრდა და მათი განვითარება, რაც საბოლოოდ ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს. ჩვენ შეგვიძლია ბავშვებს ვაჩვენოთ გზა, კარგისა და ცუდის გარჩევა, მივცეთ არჩევანის უფლება და დავეხმაროთ მათ მიზნების დასახვაში, შთავაგონოთ, რომ ისინი არიან ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები, დავარწმუნოთ საკუთარ შესაძლებლობებში და მივცეთ გზა ამ ცხოვრებაში. ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია ვფიქრობ, სწორედ ჩვენი პროფესიაა ის ყალიბი, რომელმაც უნდა გამოწვრთნას, გამოძერწოს თაობები. ასწავლოს საგანი და არა მარტო, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პოროვნული აღზრდაა, მოსწავლეებში ის ღირებულებები უნდა ჩამოვაყალიბოთ რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თაობების აღზრდის საქმეში. სხვაგვარად ქვეყნის განვითარება შეუძლებელია. მიხარია, რომ ამ საქმეში მე, როგორც ერთ-ერთ რიგით მასწავლებელს შემიძლია ერთი ცეროდენა აგური მაინც დავდო“

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს იღებს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან და მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. როგორც დამფუძნებლებმა განმარტეს, ამ დღის დაწესება მიზნად ისახავს მასწავლებლების მხარდაჭერას.

იუნესკოს განმარტებით, მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.


ფოტოები აღებულია წერეთლის საჯარო სკოლის ფეისბუკის გვერდიდან
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər