"ქეშად" მომღერლისთვის 30 000 ლარი და ურთიერთპრეტენზიები- მარნეულის მერიის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შესაძლო სამართლებრივი დავა დაიწყოს
ადგილობრივი მედიის (24 news) მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ნოვრუზ ბაირამის კონცერტზე აზერბაიჯანიდან მოწვეულ მომღერალს მუნიციპალიტეტის კონტრაქტორმა კომპანიამ თანხა არ გადაუხადა. ღონისძიების ორგანიზება მერიის ტენდერში გამარჯვებულ შპს „გეოპროფი“-ს დაევალა, რომელსაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ 168 966 ლარის ნაცვლად 144`561.70 ლარი ჩაურიცხა, თანხის მხოლოდ 86%.

რადიო მარნეულმა "ინტერვიუ" ჩაწერა აღნიშნული კომპანიის დირექტორთან, გურამ გიგილაშვილთან, რომელიც მარნეულის მერიასთან სამართლებრივ დავას გეგმავს. გიგილაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტმა ჯარიმები არასამართლიანად დაუწერა და ჩაერია კომპანიის განსახორციელებელ სამუშაოებში.

„მარნეულის მერიამ მიიღო არასწორი გადაწყვეტილებები, დაგვიწერა ჯარიმები, რომლებიც არ გვეკუთვნოდა საერთოდ, იმიტომ, რომ შევასრულეთ ამის დამადასტურებელი სურათები არსებობს და ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად იყო ,თუმცა დაგვიწერეს, რომ არ იყო ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად. მოგვედავნენ , საკმაოდ ცუდი ფორმით, არასწორად მოიქცნენ ყველა კუთხით. ერთი, რომ კანონი დაარღვიეს და უკანონოდ დაგვიწერეს თავისი შეხედულებები, მერე მეორე, რომ მორალურადაც მათი მხრიდან არასწორი საქციელი იყო. მესამე ის, რომ თავად იყვნენ შეთანხმებული ყველა მომღერალთან რაც საერთოდ დანაშაულია. ეგენი არიან, არაკვალიფიციურები, კორუმპირებულები, როგორ ვთქვა , არ ვიცი.“ – ამბობს ის.

კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ მარნეულის მერიის თანამშრომლები მათ მათ მიერ განსახორციელებელ სამუშაოებში ერეოდნენ, რაც მისივე თქმით, არასწორია.

„ასეთი სახის შემთხვევა იყო, დეკორაცია გვქონდა გასაკეთებელი. რომელსაც წვიმაში, სამი დღის განმავლობაში ვამონტაჟებდით და მუნიციპალიტეტის ნაგვის მანქანა შემოვარდა და გაგლიჯა ეს კონსტრუქცია და მათმა მბრძანებელმა, ბატონ თემურმა შუბითიძემ გადაწყვიტა ავწიოთ კონსტრუქციაო, დავიწყეთ მისი შეკეთება. მარნეულის მერიის არკა იდგა იქ, რომელიც არ იყო მდგრადი, ეს არკა უნდა დაგვემონტაჟებინა ისე, რომ არ გადმოვარდნილიყო. დილით არ მოეწონათ მათივე დიზაინერების შემუშავებული არკა და კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს გაელამაზებინათ, მოიტანეს რაღაცა ყვავილები და ამ ჩამოგლეჯილი ტროსების პირობებში დაიწყეს ყვავილების მონტაჟი, ვთხოვეთ ეს არ გაეკეთებინათ, დაეცადათ, არ მოგვისმინეს და მათმა რომელიღაც თანამშრომელმა კიბე მიადგა არკას, ეს არკა (ჭერი) გადმოაგდო და მოარტყა თავის უფროსს, თემურ შუბითიძეს, ასეთი შემთხვევა მოხდა. ამასაც ცდილობდნენ ჩვენთვის გადმოებრალებინათ. მათი მხრიდან იყო დაუდევრობა მომხდარი მათი არაპროფესიონალიზმის ბრალით და არა ჩვენი. ვერ მოგვედავენ ამაზე , თორემ ყველაფერზე უნდათ მოგედავონ, ისეთი შეშფოთებულები არიან. ჩვენი დამონტაჟებული დროშების ჩამოგდებაც დაგვაბრალეს და არ აგვინაზღაურეს თანხა, რომელიც არ არის სწორი. იქვე ჩხუბობდა ბატონი ელგუჯა კულტურის სახლის წარმომადგენელი არაკვალიფიციური ადამიანი. ბევრ რამეში შეგვიშალეს ხელი, რომელი საკითხებიც ჩვენ არ გვევალებოდა იმას გვავალებდნენ, მაგალითად სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობას. ჩვენ მხოლოდ მერიასთან ვიყავით კონტრაქტორი და დაგვდევდნენ სამთავრობო ადმინისტრაციის ხალხი აბა ეს როგორ უნდა გააკეთოთ და ის როგორო. აგვირდაგვირიეს ყველაფერი და მერე თურმე არ მოეწონათ. „ - ამბობს გურამ გიგილაშვილი.

რაც შეეხება აზერბაიჯანიდან მოწვეული მომღერლების ანაზღაურების საკითხს. „გეოპროფის“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ მომღერლები, მერიის შერჩეული ადამიანები იყვნენ, კომპანიის მიერ შერჩეულ მომღელებზე, რომლებიც შედარებით დაბალ ფასში შესაძლოა ჩამოსულიყვნენ და ემღერათ, თვითმმართველობამ უარი განაცხადა. დათქმის მიხედვით, ნოვრუზზე აუცილებლად უნდა ემღერა ხატირე ისლამს და არიზ ჰუსეინოვს. მომღერლებთან „გეოპროფს“ მოლაპარაკება ჰქონდა რომ თანხას მერიიდან ჩარიცხული ანაზღაურების შემდეგ გადაუხდიდნენ, თუმცა როგორც გურამ გიგილაშილი ამბობს, ხათირე ილამსათვის თანხის მიტანა (30 000 ლარი) კომპანიას იმავე დღეს, მერიის მხრიდან შანტაჟის შედეგად მოუწია. დეტალებზე საუბრისგან კომპანიაში ამ ეტაპზე თავს იკავებენ. არიზ ჰუსეინოვს კი კუთვნილი თანხა ამ დრომდე არ მიუღია. გურამ გიგილაშვილი ამბობს, რომ ფინანსური დავალიანება აქვთ.

„ჩვენ შეთანხმებული ვიყავით, რომ ხატირე ისლამს გადავუხდიდით ჰონორარს, როდესაც თანხა ჩაგვერიცხებოდა. წინასწარ ნაწილი გადავიხადეთ, სასტუმრო დავუჯავშნეთ და ასე შემდეგ, ყველაფერი და ხატირე ისლამმა გამოგვიცხადა, რომ თუ თანხას ქეშად არ მომიტანთ, ღონისძიებაზე არ მოვალო. ვიღაცამ დაურეკა მერიიდან და შეაცვლევინა პოზიცია. ჩვენ მას მივიტანეთ თანხა, უფრო სწორად მიგვატანინეს, ოღონდ ცოტა მძიმე თემაა და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ. „

გურამ გიგილაშილი ამბობს, რომ ფინანსური ზარალისათვის მარნეულის მერიასთან სამართლებრივ დავას იწყებს, რისთვისაც დოკუმენტაციას ამზადებენ.

რადიო „მარნეული“ ესაუბრა მარნეულის მერის მოადგილეს, თემურ შუბითიძეს, რომელიც განმარტავს, რომ მათი მხრიდან ყველაფერი კანონიერი წესით წარიმართა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია ააქვს მზად არიან  სმართლებრივ დავაში შესასვლელად.

„ტენდერებში ყველაფერი ღიაა, მიღება-ჩაბარებები და ასე შემდეგ, შეგიძლიათ თქვენც ნახოთ. რამდენიმე პუნქტი, რაც არ შესრულდა, იმის თანხა არ ანაზღაურდა. თუ რამე პრეტენზია ექნება კომპანიას და გაასაჩივრებს, რეაგირებაც იქნება ჩვენი მხრიდან, მეტს ვერაფერს გეტყვით. ინსპექტირება ჩატარდა ჩვენი მხრიდან, სადაც მერიის თანამშრომლები იყვნენ ჩართული, ვინც ეს დოკუმენტები შეადგინა და მათზე საყრდნობით მოხდა ყველაფერი, ანგარიშსწორება და მიღება-ჩაბარებები. ყველაფერი არის კანონიერად. პატარა უზუსტობები ყველგანაა ამის მიხედვით ხდება თანხის ანაზღაურება, მე მეტს ვერაფერს გეტყვით. ნებისმიერ დროს ნებისმიერ საკითხზე მზად ვართ“ - გვითხრა თემურ შუბითიძე,

ნოვრუზ ბაირამის ტენდერის ხელშეკრულების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა კომპანია „გეოპროფს“ ინსპექტირების საფუძველზე, რომელიც მათივე თანამშრომლებმა, ეგუჯა კუპატაძემ, ნინო კირვალიძემ, დავით ნაზღაიძემ, თათია ანდიაშვილმა და გიორგი ფარჯიანმა განახორციელეს, ბევრი მიმართულებით ედავება, მათ შორის ტექნიკურ მახასიათებლებზე.




Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər