სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოფელ მუშევანის მოსახლეობის პროტესტს ეხმიანება
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის მოსახლეობის მიერ სოფლთან ახლოს, დაახლოებით 800 მეტრში, ღია კარიერული წესით და აფეთქებების გზით წიაღისეული მადნის მოპოვების გაპროტესტებას ეხმიანება. ორგანიზაციის განცხადებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გაითვალისწინოს მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური წუხილები და კომპანია „RMG GOLD“-ისა და „RMG Copper“-ისათვის ლიენზიის გაცემის პროცესში მოსახლეობის დემოკრატიული და რეალური მონაწილეობა უზრუნველყოს.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კომპანია „RMG GOLD“-ს და „RMG Copper“-ს სახელმწიფოსგან გადაცემული აქვს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზია ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში 2042 წლამდე. მიუხედავად იმისა, რომ არსებული ლიცენზიები უკვე მოიცავს ასობით ჰექტარ ტერიტორიას, კომპანიას სურს, მოპოვების ახალ კერად ამჯერად ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი აქციოს. კომპანია გეგმავს გამოიყენოს ჯერ კიდევ 2011 წელს შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემული „მუშევანი 2“-ის ლიცენზია, რომელიც იჯარით აქვს აღებული. RMG გეგმავს 11 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის ათვისებას და ღია კარიერული წესით ოქრო-სპილენძის მოპოვებას, რისთვისაც მან გზშ გადაწყვეტილების მისაღებად უკვე მიმართა გარემოს ეროვნულ სააგენტოს".

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, სოფელ მუშევანის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სოფელთან ახლოს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ 2022 წლის 14 ივლისს გამართულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვიდან გაიგო. ორგანიზაცია სალამის დახმარებით კი სოფელში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც 28 ივლისს სოფელში შეაგროვეს ხემოწერები, სოფლის მოსაზრებები და შენიშვნები, რომლებიც გარემოს ეროვნულ სააგენტოს წარუდგინეს.

"სოფელ მუშევანის მოსახლეობისთვის მიუღებელია მათი სოფლის მიმდებარედ ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვებითი სამუშაოების წარმოება, რადგან მას, სხვა სოფლების მსგავსად, მძიმე გარემოსდაცვით და სოციალურ რისკებს უკავშირებს. 28 ივლისს Სააგენტოში წარდგენილ წერილში, რომელსაც 217 ადგილობრივი მოსახლე აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ გზშ პროექტი მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე არ იყო თარგმნილი. Ასევე გზშ დოკუმენტიდან ირკვევეოდა, რომ კომპანია გეგმავს სოფელ მუშევანში სასარგებლო წიაღსეული მოიპოვოს ბურღვა-აფეთქებითი მეთოდით წელიწადში 55-ჯერ, ამასთან ერთად აფეთქებითი სამუშაოები უნდა განხორციელდეს მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიდან 800 მეტრის დაშორებით, რისი კატეგორიული წინააღმდეგიცაა მოსახლეობა. დამატებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის განმარტებით იგეგმება დაახლოებით 50 ადგილობრივის დასაქმება, ადგილობრივებისთვის აღნიშნული გარემოება იყო ბუნდოვანი და არ შეიცავდა დასაქმებისთვის საკმარის გარანტიებს"

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ კომპანია RMG მოსახლეობის ნაწილის შედომაში შეყვანას ცდილობს და მათთან გაურკვეველი სამართლებრივი ბუნების "მემორანდუმს" აფორმებს. "მემორანდუმით" კომპანია პასუხისმგებლობას იღებს სოფელი სასმელი წყლით მოამარაგოს, სამაგიეროდ კი ხელმომწერებისაგან სოფლის მოსახლეობასთან კომუნიკაციაში დახმარებას ითხოვს.

„მემორანდუმში“ ის გარემოება, რომ კომპანია აქ სპილენძისა და ოქროს მოპოვებას აპირებს, გარკვევით განმარტებული არაა. Სწორედ აღნიშნულმა განაპირობა ისიც, რომ დღეს, გარკვეული პირები RM Copper-ის წინააღმდეგ გამოსულ მოსახლეობას დაუპირისპირდნენ. მათი თქმით, კომპანია წყალმომარაგებასა და გაზიფიკაციას დაპირდა, სწორედ ამიტომ, მის საქმიანობას არ ეწინააღმდეგებიან.
მოსახლეობის მიერ დღევანდელი ხელმოწერილ პეტიცია/განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან სოფელ მუშევანში RMG Copper-ის მიერ ოქრო-სპილენძის საბადოს დამუშავებას და სთხოვენ შესაბამის უწყებებს, რომ უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის პოზიციის გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღებისას".
- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს მიიღონ დროული და სამართლიანი ზომები მოსახლეობის საჭიროებების და ინტერესების გათვალისწინების მიზნით.

რადიო "მარნეული"

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər