საწვავის ფასი საერთაშორისო ბაზარსა და ლარის კურსზეა დამოკიდებული - სოსო ფხაკაძე
საწვავზე ფასების ცვლილება პირდაპირ უკავშირდება საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ტენდენციებსა და ეროვნული ვალუტის კურსს - ასე პასუხობს "ვისოლ ჯგუფის" ვიცე-პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე TVპირველის კითხვას, გააიაფებს თუ არა მისი კომპანია საწვავის ფასს, კომისიის მუშაობის ფარგლებში.

"თუ რამე შეგვიძლია, მაგას გავაკეთებთ, მაგრამ მაგაზე არ არის საუბარი. ჩვენ ვაკეთებთ ბიზნესს წესიერად, სამართლიანად, სამართლებრივ ჩარჩოებში. ასე ვაკეთებდით ყოველთვის და გავაკეთებთ მომავალში. ყველაფერი
არის ძალიან ნორმალურად, კარგად, მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას.

საწვავთან დაკავშირებით ჩვენ მილიონჯერ გვაქვს ნათქვამი, ეს დამოკიდებულია საერთაშორისო ფასებზე და ლარის კურსზე. საერთაშორისო ფასები თუ მიდის ზემოთ, ფასები ძვირდება საწვავზე შიდა ბაზარზე და პირიქით. იყო შეხვედრა, მე ვფიქრობ, ძალიან კონსტრუქციული და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვა ვთქვით. მე ერთი რა ვიცი, რომ ბიზნესი არის, რაც ზრდის ეკონომიკას და ძლიერი ეკონომიკის გარეშე არცერთი ქვეყანა არ იქნება წარმატებული,
- ამბობს სოსო ფხაკაძე.

ფხაკაძემ კითხვებს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ უპასუხა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას შეეხებოდა შეხვედრა. "სხვა საკითხზე იყო" თქვა მან.

საწვავის, სურსათისა და მედიკამენტების ფასების შესწავლის მიზნით, ქვეყანაში რამდენიმე პროცესი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს: "ოცნების" პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფი მუშაობას, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს. პარლამენტში უკვე შეიქმნა ფასების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც პირველ სამუშაო შეხვედრას ხვალ გამართავს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფასების საკითხის შესწავლა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დააანონსა.

წყარო: BusinessMedia

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər