შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის
ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
საპატრულო პოლიციისა და საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“
თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ,
ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისა და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის
მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 1963 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე
ა.ა., მისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი
სამალავის გამოყენებით, ცდილობდა საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში
1978 წელს
დაბადებული ი.ო.-სა და 2000 წელს დაბადებული მ.დ.-ს
უკანონოდ გადაყვანას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის
მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 19-344 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის
„ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.