ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაართან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ტოივო კლაართან და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, კონფლიქტები მშვიდობიანი გზით გადაიჭრას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ქმედითი, ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობას და აგრეთვე გალის ინციდენტების პრევენციასთან და მათზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით შეხვედრების განახლების აუცილებლობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაარს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში გაწეული პირადი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ტოივო კლაარსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს.

„კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს წარმატებულ მედიაციას, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სამხედრო ტყვეები გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები. ასევე, თბილისში გაიმართა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მეზობელ ქვეყნებს შორის შუამავლის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“
, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ გაერო-ს წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჯიჰან სულთანოღლუ, ჟენევის დისკუსიების თანამოდერატორი და უფროსი პოლიტიკური ოფიცერი ეუთო-სს კონფლიქტების პრევენციის ცენტრიდან ზიგფრიდ ვიობერი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər