გვარამია: არ მაქვს და არც ვაპირებ, ნაცმოძრაობაში მიმდინარე პროცესებთან კავშირი მქონდეს
„ნაცმოძრაობაში მიმდინარე პროცესებთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც ვაპირებ, მქონდეს“ – წერს სოციალურ ქსელში „მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია.

„რამდენიმე ადამიანმა საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ჩემი დანიშვნის შესახებ. საჯაროდვე მინდა დავაფიქსირო, რომ არც ერთი ეს განცხადება არ გამოხატავს ჩემს პოზიციას. „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც ვაპირებ, მქონდეს. მინდა, ვთხოვო ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნულ კონტექსტში ჩემი სახელის გამოყენებისგან, რადგან ეს არც რეალობასთანაა ახლოს და აღრმავებს ისედაც უმძიმეს დაძაბულობას, ასევე დამაზიანებელია პირადად ჩემთვის. იმედია, მეტად აღარ მომიწევს ამ საკითხზე ჩემი პოზიციის გამოხატვა”
, – წერს ნიკა გვარამია.

„მთავარი არხის” დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის” ეთერში პოლიტიკურ გეგმებზე ერთი თვის წინ ილაპარაკა, თუმცა კონკრეტიკის, კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელების გარეშე – თუ ვისთან ერთად წარმოუდგენია პოლიტიკაში ყოფნა.

„მე ჩემს თავს ვხედავ იქ, სადაც ახალი შესაძლებლობები გაიხსნება. ეს არ ნიშნავს მხოლოდ ახალ ადამიანებს“, – თქვა მან.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, იმოქმედებს „ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად თუ დამოუკიდებლად, ნიკა გვარამიას მაშინ პირდაპირი პასუხი არ გაუცია – თქვა, რომ მისთვის ამოსავალი სიტყვა არის „ახალი“, თუმცა, ეს არ ნიშნავს ყველა ახალ ადამიანს.

„ჩემთვის ამოსავალი სიტყვა არის „ახალი” – ახალი შესაძლებლობები. ეს მოხდება ძველი კონფიგურაციების ფარგლებში, ეს მოხდება ახალი კონფიგურაციების მეშვეობით, თუ როგორ მოხდება, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება და უნდა იყოს – ახალი. …ნებისმიერი ჭურჭელი, რომელიც შეივსება სიახლეებით, იქნება ეს ახალი ჭურჭელი, ძველი, კომბინირებული თუ ასე შემდეგ, ჩემთვის იქნება მისაღები, თუ მე მექნება და ვნახავ, რომ ეს არის ახალი შესაძლებლობა და ასევე მექნება შესაძლებლობა, რომ რაღაც ახალი მე თვითონ გავაკეთო“
, – ამბობდა ნიკა გვარამია.

შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა ტანდემს ნიკა მელიასთან, მაშინ გვარამიამ არ უპასუხა.

წყარო: პუბლიკა

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər