გარდაბანში ორი პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ფერმერს სოციალურ ქსელში დაუკავშირდა და ე.წ.
„ქურდული სამყაროს“ სახელით 200 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. მამედოვმა ფერმერს თანხის გადახდისთვის სამდღიანი ვადა განუსაზღვრა და ოჯახისთვის ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

სამ დღეში, ამავე სოფელში, ფერმერის შვილს, რომელიც ოჯახის ავტომანქანით გადაადგილდებოდა, უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლიციამ ცხელ კვალზე დაადგინა სავარაუდო დამნაშავეების ვინაობა და 1994 წელს დაბადებული თ.ხ. და წარსულში ნასამართლევი, 2001 წელს დაბადებული ნ.ი. დააკავა. ასევე, ამავე საქმესთან კავშირში მყოფი კიდევ ერთი პირის – 1985 წელს დაბადებული შ.მ.-ს მიმართ ძებნაა გამოცხადებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით გრძელდება.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər