„გახარია მზაობას აცხადებს, 2 ივლისსაც დისტანციურად ისაუბროს ჩორჩანას საკითხზე“ - სიჭინავა
„გახარია მზაობას აცხადებს, კომისიაზე ისაუბროს ჩორჩანას საკითხზე 2 ივლისსაც დისტანციურად“, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივნმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.

„გიორგი გახარია ერთხელ უკვე იყო კომისიაზე, სადაც ისაუბრა ჩორჩანაზე, ამის შემდეგ არაერთხელ გამოხატა მზაობა, ე.წ. კომისიის სხდომაში დისტანციურად მიეღო მონაწილეობა, რისი შესაძლებლობაც გათვალისწინებულია კომისიის დებულებით და ზუსტად ასეთი შემოთავაზება თავად კომისიისგან ერთხელ უკვე მიიღო პირველი მიწვევის დროს.

ე.წ. კომისიამ მისი მუშაობის მანძილზე პირველად, თავად განაცხადა უარი მოესმინა გიორგი გახარიასთვის, როცა სხვებს ამის შესაძლებლობას აძლევს. ცხადი ხდება, რომ შეშინებული და არაადეკვატურობის ზღვარზე მყოფი „ოცნება“ თავად გაურბის „ჩორჩანაზე“ საჯაროდ საუბარს, რადგან ცხადი გახდება ვინ ღალატობს ქართულ, ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებაც დასტურია, რომ მათ არ სურთ ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას მოუსმინონ. 2 ივლისსაც მზაობას ვაცხადებთ დისტანციურად ვისაუბროთ ჩორჩანაზე.

გიორგი გახარია და ჩვენი გუნდი ამაყობს ჩორჩანას საქმით. ეს არ არის მხოლოდ გიორგის გახარიას წინააღმდეგ პოლიტიკური ვენდეტა, ეს არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული და რა დროც არ უნდა გავიდეს, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ამ საგამოძიებო კომისიის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნება და ვერავინ შეძლებს „ჩორჩანას“ საქმიდან გაქცევას და დამალვას, ვერცერთი კომისია, ცრუ მოწმე თუ სამართალდამცავი“,
- აცხადებს ბერდია სიჭინავა.

„ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილმა წულუკიანის კომისიამ გიორგი გახარიას დისტანციურ გამოკითხვაზე უარი უთხრა. გახარია სხდომაზე დღეს, 23 ივნისს იყო დაბარებული.

მსჯელობის დროს კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ გიორგი გახარიას დისტანციურად ჩართვას არ შესთავაზებენ. კენჭისყრაზე გახარიას საქმის პროკურატურისთვის დღესვე გადაცემას არავინ დაუჭირა მხარი.

ამის შემდეგ იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ, სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, გიორგი გახარიას მაქსიმალურ ვადას მისცემენ და მას კომისიაზე 2 ივლისს დაიბარებენ.

როგორც „ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რჩება შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას – „ის რამდენიმე კვირით არის წასული საქართველოდან. ასე სამარცხვინოდ გაქცევას საგამოძიებო კომისიიდან, შეფასებაც არ სჭირდება…“, - განაცხადა კობახიძემ.

16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხელმეორედ დაიბარეს.

თეა წულუკიანის თქმით, საკითხი შეეხება ჩორჩანას საგუშაგოს და გახარიას ოპოზიციაში ყოფნის პერიოდს.

გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 14 აპრილს გამოჰკითხა. სხვა თემებთან ერთად, კომისიამ გახარიას ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზეც დაუსვა შეკითხვები.

კითხვები ძირითადად ეხებოდა საგუშაგოს გახსნაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

კერძოდ იმას – იყვნენ თუ არა ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული სხვა უწყებები; რა იცოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და პრემიერ-მინისტრმა; იყო თუ არა დაცული ე.წ. ფორმალური ნაწილი.

კითხვების ნაწილი საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. წულუკიანი ამბობს, რომ საგუშაგოს გახსნის შემდეგ საქართველომ დაკარგა 110 ჰექტარზე მეტი ტყე და ასევე საპასუხოდ, სეპარატისტებმა ჩადგეს ხუთი საგუშაგო, რომელიც მანამდე ამ ტერიტორიაზე არ მდგარა.

გახარიას შეფასებით წულუკიანი „ცდება“ და ყველაფერი პირიქით მოხდა. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა ინფორმაცია, რომ სეპარატისტები, რუსების მიერ მოტანილი „მორიგი ყალბი რუკის“ საფუძველზე, რომელიც, სავარაუდოდ, 1922 წლით თარიღდებოდა, გეგმავდნენ საქართველოში 28 სხვადასხვა წერტილზე საოკუპაციო ხაზის შეცვლას. გეგმის განხორციელებას იწყებდნენ ჩორჩანადან, ამიტომ საქართველომ დაასწრო სეპარატისტებს და ჩადგა საგუშაგო, რითაც არ დაუშვა საოკუპაციო ხაზის შეცვლა.

14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.

უწყება ამბობს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, შეისწავლიან 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გიორგი გახარიას მიერ „განხორციელებულ ქმედებას“.

წყარო: პუბლიკა
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər