ხაზარაძეს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს წულუკიანის კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს („ძლიერი საქართველო“), მამუკა ხაზარაძეს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო. სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი მოსამართლე ზვიად შარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 23 ივნისს გამოცხადდა.

ხაზარაძის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. მას ამ საქმეზე 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, გადაიხადა.

მსგავს საქმეზე 7-თვიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ზურა ჯაფარიძეს („კოალიცია ცვლილებისთვის“), რომელიც უკვე პატიმრობაშია, რადგან არ გადაიხადა გირაო.

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი „ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში კიდევ ერთხელ დაიბარეს - მას 30 ივნისს ელიან.

„გაცნობებთ, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილია თქვენ მიერ ახსნა-განმარტების მიცემა 2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებების შესახებ“, - წერია წერილში.

საპასუხოდ მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

„მგონი მკაფიოდ გითხარით, რომ არ გაღიარებთ. მოსვლას არ ვაპირებ!.. ვიცი, რომ ჩემი დაჭერა გინდათ. ნუ წვალობთ, მაინც ვერ შემაშინებთ! ბრძოლა რუსულ რეჟიმთან იქნება ბოლომდე!“

„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. კომისიის თავმჯდომარეა ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი.

„ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. "კოლექტიურ ნაცმოძრაობაში იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.

მასავით კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც: მისი თანაპარტიელი (ბადრი ჯაფარიძე), „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები (ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურა ჯაფარიძე) და ასევე სხვები. ნიკა მელიას, ნიკა გვარამიასა და ზურა ჯაფარიძის მსგავსად, ამ საქმეზე პატიმრობა აქვს შეფარდებული ირაკლი ოქრუაშვილსაც - მათ გირაო არ გადაიხადეს. მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და გიორგი ვაშაძემ („სტრატეგია აღმაშენებელი“) გირაო გადაიხადეს.

გიორგი გახარია იმ გამონაკლის ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებიც კომისიის სხდომაზე მივიდნენ. თუმცა 16 ივნისს, ის კიდევ ერთხელ დაიბარეს კომისიაზე.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər