მარნეულის მერი, დაურ ისმაილოვი ფლობს ბინებს და ავტოფარეხს თბილისში,
მიწის ნაკვეთს მარნეულში და 4 ავტომობილს.
დაურ ისმაილოვის მიერ 2025 წლის 29 დეკემბერს შევსებული ქონებრივი
დეკლარაციის მიხედვით, ისმაილოვი და მისი მეუღლე, შურა კაბულოვა ნაღდი
ფულის სახით ინახავენ 40 000 ლარს და 35 000 აშშ დოლარს. ქონებრივი
დეკლარაციის მიხედვით, დაურ ისმაილოვს 2024 წელს 140 000 ლარი
აჩუქეს.
მარნეულის
მერს, დაურ ისმაილოვს ქონებრივ დეკლარაციაში ოჯახის
წევრებად შეყვანილი ყავს მისი მეუღლე, შურა კაბულოვა და ორი
მცირეწლოვანი შვილი.
მარნეულის მერის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დაურ
ისმაილოვმა 2023 წელს 50 000 დოლარად შეძინა 42,87 კვ.მ ბინა ქალაქ
თბილისში,, 2024 წელს ისმაილოვმა 84 400 დოლარად შეიძინა 83,9 კვ.მ
ბინა თბილისში და ამავე ბინასთან მდებარე 18 კვ.მ ავტოფარეხი 7 500
დოლარად. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დაურ ისმაილოვს 2023 წელს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში აჩუქეს 1 937 კვ.მ მიწის
ნაკვეთი. დეკლარაციაში მჩუქებლის ვინაობა მითითებული არაა.
დაურ ისმაილოვის მეუღლის, შურა კაბულოვა მფლობელობაშია 2022 წელს
ჩუქებით მიღებული 965 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქალაქ მარნეულში.
დაურ ისმაილოვი 4 ავტომობილს ფლობს, რომლებიც 2017-დან 2025 წლამდე
პერიოდში აქვს შეძენილი. ისმაილოვმა 2017 წელს 25 000 ლარად შეიძინა
მსუბუქი ავტომობილი “ვოლგა გაზ 21”, 2023 წელს 4 000 დოლარი გადაიხადა
“Toyota Prius”-ში, 2024 წელს 13 000 დოლარად იყიდა “Toyota Camry
Hybrid XLE”, ხოლო 2025 წელს 10 500 დოლარი გადაიხადა “Lexus
es300h”-ში.
დაურ ისმაილოვი დანაზოგის სახით ინახავს ნაღდ ფულად თანხას დოლარსა და
ლარში. მარნეულის მერს 27 000 ლარი და 35 000 დოლარი აქვს შენახული.
მისი მეუღლე, შურა კაბულოვა ნაღდი ფულადი თანხით ინახავს 13 000
ლარს.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დაურ ისმაილოვს მამამ, ინტიგამ
ისმაილოვმა 2024 წელს 140 000 ლარი აჩუქა.
დაურ ისმაილოვი ასევე 2 კომპანიის 100%-იანი წილის მგლობელია,
რომლებიც მართვისა და განკარგვის უფლებით სხვა პირზეა
მინდობილი/გადაცემული. ისმაილოვის კომპანიებია 2022 წელს დაარსებული
შპს “მარნეული დეველოპმენტი” და 2024 წელს დაარსებული შპს “ავტო
სამყარო”.
დაურ ისმაილოვის ქონებრივ დეკლარაციაში არაა მითითებულული მისი ან
მისი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი
სამუშაო.
30 წლის დაურ ისმაილოვი მარნეულის მერი 2025 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა. ისმაილოვი კენჭს
მმართველი პარტიიდან “ქართული ოცნებიდან” იყრიდა.
რადიო “მარნეული”