შსს - ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს, 23 პოლიციელი თელავის საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება
23:32 / 22.04.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში
პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და
187-ე მუხლებით დაიწყო,რაც
პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას
გულისხმობს, - ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.
„პანკისის ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან
დაკავშირებით, უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით
დილის რვა საათიდან მობილიზებული იყო კახეთის სამხარეო პოლიციის 35
თანამშრომელი.
ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა პოლიციას,
დაუშინა ჯოხები და ქვები, რის შემდეგაც მოხდა დამატებითი საპოლიციო
ძალების მობილიზება. ადგილზე მყოფი მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა
წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს. დაზიანდა პოლიციის ტექნიკა,
დაშავდნენ პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეები.
ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის 38
პოლიციელს და 17 მოქალაქეს. 23 პოლიციელი თელავის საავადმყოფოებში ამ
დრომდე რჩება“, - აღნიშნულია განცხადებაში.