როვშან ისკანდაროვი აცხადებს, რომ ლაშა ქველაძესთან დაპირისპირების გამო ოპერაცია გაიკეთა
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში, როვშან ისკანდაროვი, რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, 30 სექტემბერს მომხდარი დაპირისპირების შემდგომ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

„ახლა ინგოროყვას კლინიკაში ვწევარ, ოპერაცია გავიკეთე და თავს ცუდად ვგრძნობ“ - აცხადებს როვშან ისკანდაროვი

ინგოროყვას კლინიკაში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარობის შესახებ ინფორმაციას მისი ნებართვის გარეშე არ გასცემენ. ისკანდაროვმა სახის ძვლების მოტეხილობის ოპერაცია 3 ოქტომბერს გაიკეთა, მას საავადმყოფოდან სავარაუდოდ დღეს, 6 ოქტომბერს, გაწერენ.

ისკანდაროვი 30 სექტემბერს მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელმა რადიო „მარნუელს“ განუცხადა, რომ ისკანდაროვს სახის ძვლის დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, მაგრამ პირველ ოქტომბერს საკუთარი ინიციატივით გაეწერა კლინიკიდან. პირველ ოქტომბერს ისკანდაროვმა რადიო „მარნეულს“ განუცხადა, რომ ოპერაციას არჩევნების დამთავრების შემდგომ გაიკეთებდა.

30 სექტემბერს როვშან ისკანდაროვსა და ლაშა ქველაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი აცხადებს, რომ მას თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ქველაძე დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო ლაშა ქველაძე აცხადებს, რომ როვშან ისკანდაროვი და მისი მომხრეები, დაახლოებით 30-მდე ადამიანი, დაესხვა თავს.

„როვშან ისკანდაროვს ეშინია რომ კანონის წინაშე თავად არ წარდგეს, რადგან ჩემზე თავდასხმა მოაწყო და ახლა რაღაცეებს იგონებს. ხან ვითომ ცუდად იყო, ხან ვითომ ამომრჩეველთან იყო და მე დავესხი თავს, არადა თავდასხმა მოხდა დამია-გეურარხში რაც მისი მაჟორიტარული ოლქი საერთოდ არაა. ეშინია, რომ არ აგოს პასუხი და რაღაცეებს იგონებს. არანაირი სერიოზული დაზიანება მას არ აქვს“ - აცხადებს ლაშა ქველაძე

აღსანიშანვია, რომ საქართველოს პროკურატურამ 30 სექტემბერს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ბრალი ლაშა ქველაძეს წაუყენა, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წაუყენეს ბრალი, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რომელიც დაკავშირებული ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის წინასასამართლო პროცესი 5 ოქტომბერს გაიმართა. ის სასამართლო დარბაზიდან 4 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია