ახმედ იმამკულიევი აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
საპარლამენტო სიაში მისი სახელი და გვარი თანხმობის გარეშე ჩაწერეს.
იმამკულიევმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ „ევროპული
საქართველოს“ დატოვების შემდგომ მან „ენმ“-დან მიიღო შეთავაზება.
აცხადებს, რომ პარტიას იმ შემთხვევაში დასთანხმდა მათ საპარლამენტო
სიაში ყოფნაზე, თუ სიის პირველი 22 ადგილიდან ერთ-ერთს
დაიკავებდა.
„მე როცა დავტოვე „ევროპული საქართველო“ მაშინ „ენმ“-მ
შემომთავაზა, რომ ვყოფილიყავი მათ სიაში და მათთან ერთად მებრძოლა
„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. შევთანხმდით, რომ ეს პროცესი დაგვეწყო.
როცა მთხოვეს, რომ ვყოფილიყავი ბრძოლის წინა ხაზზე მე მათ ვუთხარი,
რომ თუ ვიქნები 20-დან 22-მდე სიაში ამ შემთხვევაში მე თქვენთან ერთად
ვიბრძოლებ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, თუ არა და ამ შემთხვევაში
უარს გეუბნებით და სიაში ყოფნაც არ მსურს და მითხრეს, რომ
დავლოდებოდით მოვლენების განვითარებას. მიშა სააკაშვილს უნდა დაეწერა
სია, ხელი უნდა მოეწერა, მერე გაუგზავნიდა თინა ბოკუჩავას და თინა
ბოკუჩავა შეიტანდა ამ სიას ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში“. - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა
იმამკულიევის განმარტებით, საპარლამენტო სიების გამოქვეყნებას ელოდა
და როდესაც ნახა, რომ „ენმ“-ს პარტიულ სიაში პირველ 50 ადამიანს შორის
არ იყო გაიგო, რომ ის პარტიულ სიაში არ იქნებოდა.
„გუშინ რომ ვნახე პირველი 50 ადამიანის სია გავიგე, რომ
პარტიულ სიაში არ ვიქნებოდი მაგრამ ეს ჩემთვის ახალი ამბავი არ იყო,
ეს ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ არა ოფიციალური
წყაროდან გავიგე, რომ თურმე ზოგიერთამ არარაობამ გამოიყენა ჩემი
პირდაი მონაცემები და ჩაწერა პარტიის სიაში ჩემი თავი. გავიგე, რომ
ჩაწერეს სადღაც სხვაგან, არა პირველ 22 ადამიანს შორის, არამედ სადღაც
სხვაგან, რაც ჩემთვის პრობლემა იყო. არ აქვს მნიშვნელობა ეს მეასე
იქნება თუ ასორმოცდამეათე - მე 30-ე ადგილასაც რომ ვყოფილიყავი მაინც
პრობლემა მექნებოდა“. - განაცხადა ახმედ
იმამკულიევმა
ახმედ იმამკულიევის განცხადებით, ის უკვე დაუკავშირდა „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს და მას პარტიული სიიდან
საკუთარი მონაცემების ამოღება მოსთხოვა.
რადიო „მარნეული“ დეტალებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
არკვევს.
აღსანიშნავია, რომ ახმედ იმამკულიევი 2014 წლიდან 2017 წლამდე ენმ-ს
წევრი იყო. შემდგომ ევროპული საქართველოს პარტიას შეუერთდა. 2024 წლის
ივლისში იმამკულიევმა განაცხადა, რომ პარტია დატოვა. მაგრამ მიზეზებზე
საუბარი არ ისურვა. ევროპული საქართველოს მთავარი მდივნის მოადგილემ
გიორგი ნონიაშვილმა 29 ივლისს რადიო მარნეულთან საუბრისას განაცხადა
რომ იმამკულიევმა შიდა პარტიული არჩევნების გამო დატოვა პარტია.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო
არჩევნები გაიმართება.
რადიო „მარნეული“