თურქეთის რელიგიის საქმეთა მინისტრს აია-სოფიაში ქადაგების შინაარსის გამო უჩივიან
თურქეთის რელიგიის საქმეთა მინისტრს ოპოზიციური “კარგი პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა აია-სოფიაში მისი ქადაგების გამო პროკურატურაში უჩივლა. მოსარჩელე აითუნ ჩირაი მიიჩნევს, რომ ალი ერბაშმა თავისი გამონათქვამებით თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი – მუსტაფა ქემალ ათათურქი შეურაცხყო.

საქმე ეხება 24 ივლისს გამართულ პირველ ისლამურ ლოცვას აია-სოფიაში, მუზეუმის სტატუსის გაუქმებისა და ნაგებობის მეჩეთად გადაკეთების შემდეგ. ცერემონიის დროს რელიგიის საქმეთა მინისტრმა იქადაგა და ნაგებობის წარსულთან დაკავშირებით თქვა:

“ნებისმიერი საკუთრება, რომელიც მემკვიდრეობითაა მიღებული, ჩვენი რწმენით ხელშეუხებელია და დაწვავს ნებისმიერს, ვინც კი მას შეეხება. ამ მემკვიდრეობის დატოვების პირობა [შესასრულებლად] აუცილებელია და ნებისმიერი, ვინც მას შეეხება [ანუ დაეტაკება რა] დაწყევლილი იქნება”.

თურქეთის მინისტრთა საბჭოს 1934 წლის გადაწყვეტილებას, რომლის ძალითაც აია სოფიას მეჩეთის სტატუსი გაუუქმდა და მუზეუმად გადაკეთდა, მუსტაფა ქემალ ათათურქის ხელმოწერა აქვს. ამის გამო, მემარჯვენე “კარგი პარტიის” ერთ-ერთ ლიდერს მიაჩნია, რომ ალი ერბაშმა სწორედ ათათურქს მიაყენა შეურაცხყოფა.

სააგენტო Bianet-ის თანახმად, მოსარჩელე პროკურატურას ეუბნება, რომ ერბაშმა დაარღვია კონსტიტუცია და კანონი, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის შეურაცხყოფას კრძალავს.

პირველად 86 წლის შემდეგ, აია-სოფიაში ისლამური ლოცვა გასულ კვირას ჩატარდა. ცერემონიას, მლოცველებთან, ოფიციალურ და სასულიერო პირებთან ერთად თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრო, რომელმაც მუზეუმის მეჩეთად გადაკეთების ბრძანებას რამდენიმე კვირის წინ მოაწერა ხელი.
წყარო: ნეტგაზეთი
Print