ალიევის თქმით, ყარაბაღში თურქი სამშვიდობოებიც შევლენ
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ რუს სამშვიდობოებთან ერთად, მთიან ყარაბაღში, სამმხრივი შეთანხმების შემდეგ, თურქი სამშვიდობოებიც შევლენ.

დღევანდელი განცხადების ერთ-ერთი პუნქტი არის რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამშვიდობო მისია. ამრიგად, ჩვენ ვქმნით ინტერაქციის სრულიად ახალ ფორმატს არა მხოლოდ კონფლიქტის დარეგულირებისთვის, არამედ სამომავლო განვითარებისთვის”, განაცხადა ალიევმა.

ახლადდადებული შეთანხმების მე-4 და მე-5 პუნქტები ამბობს:

4. „რუსი მშვიდობისმყოფელთა კონტიგენტი კონფლიქტის ზონაში განთავსდება სომხური ძალების რეგიონიდან გასვლის პარალელურად. მშვიდობისმყოფელების კონფლიქტის ზონაში მუშაობა განისაზღვრა ხუთი წლის ვადით, ამ ვადის ავტომატური გახანგრძლივების პირობით მომდევნო ხუთწლიანი პერიოდების განმავლობაში, თუ არცერთი მხარე არ აცხადებს ამ პუნქტის პირობების შეწყვეტის შესახებ, მისი ამოწურვის ვადამდე 6 თვით ადრე.

5. იმისათვის, რათა გაიზარდოს შეთანხმების შესრულების ეფექტრობა, მშვიდობისმყოფელები გაიგზავნებიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის კონტროლისთვის“;

სომხეთი-აზერბაიჯანი-რუსეთის შეთანხმების შესაბამისად, რუსი სამშვიდობოები უკვე დაიძრნენ მთიანი ყარაბაღის მიმართულებით.

პარალელურად, სომხეთში ამ შეთანხმებას პროტესტი მოჰყვა.
წყარო: ნეტგაზეთი
Print