ილჰამ ალიევი - დღეს აზერბაიჯანის მიწების მრავალწლიანი ოკუპაცია სრულდება
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ვიდეო კონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ილჰამ ალიევმა ვლადიმერ პუტინს კონფლიქტის დარეგულირებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ დღეს ისტორიული დღეა, განსაკუთრებით კი აზერბაიჯანელი ხალხისთვის, რომლებიც მრავალწლიანი ოკუპაციისგან თავისუფლდებიან.

„ძალიან მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ დღეს სრულდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული მრავალწლიანი კონფლიქტი, მნიშვნელოვან პოზიციებზე შეთანხმების მიღწევით სრულდება აზერბაიჯანის მიწების მრავალწლიანი ოკუპაცია,“-
განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მისივე თქმით, ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შესახებ მიღწეული შეთანხმება რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებშია.

„ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, როგორც აზერბაიჯანელი ისე სომეხი ხალხისა და რეგიონის ქვეყნების ინტერესებშია. დარწმუნებული ვარ, რომ კონფლიქტის სამხედრო-პოლიტიკური გზით გადაწყვეტა, რასაც ახლა ვხედავთ, ხანგრძლივ მშვიდობამდე მიგვიყვანს და დაპირისპირებასა და სისხლისღვრას დაასრულებს,“-
განაცხადა ალიევმა.


წყარო: ინტერპრესნიუსი

Print