ილჰამ ალიევი - თურქეთ-რუსეთის ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრი თანამშრომლობის ახალი ფორმატია რეგიონში
თურქეთ-რუსეთის ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრი არის თანამშრომლობის ახალი ფორმატი რეგიონში.

ყოველთვის გვსურდა, რომ თურქეთსა და რუსეთს თანაბარი როლი ეთამაშათ სომხეთ-აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში და ჩვენ ამას მივაღწიეთ, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ცენტრი რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს.

„თქვენთან და ჩვენს რუს კოლეგებთან ერთად ვისაუბრებთ ამ ცენტრის სამომავლო საქმიანობაზე, რათა რაც შეიძლება მალე ჩამოვაყალიბოთ ის. რადგან უკვე არსებობს გრაფიკი სომხეთის შეიარაღებული ძალების ჩვენი მიწებიდან გაყვანის შესახებ. ამ თვის ბოლოს მათ უნდა დატოვონ ყველა ჩვენი ტერიტორია, რომლებიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ამიტომ, ამ ცენტრის მოკლე დროში დაარსება დიდი სარგებლის მომტანია“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ცნობისათვის, მთიან ყარაბაღში თურქეთ-რუსეთის ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის შექმნის აუცილებლობას ხაზი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც გაუსვა. რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს მან განაცხადა, რომ რომ თურქეთმა რუსეთთან ერთად „სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ მიწებზე“ ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრი უნდა დააფუძნოს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას გააკონტროლებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print