მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 3 მილიონს
გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს Reuters-ი საკუთარ კვლევაზე
დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ფატალური შემთხვევების რიცხვის 2
მილიონამდე გაზრდას ერთ წელზე მეტი დრო, 2 მილიონიდან 3 მილიონამდე
გაზრდას კი 0 მხოლოდ 3 თვე დასჭირდა.
ყველაზე მეტი გარდაცვლილი, 1.1 მილიონი, ევროპის რეგიონშია
დაფიქსირებული. ხუთ ევროპულ ქვეყანაზე კი, გაერთიანებულ სამეფოზე,
რუსეთზე, საფრანგეთზე, იტალიასა და გერმანიაზე, ამ შემთხვევების 60%-ი
მოდის.
ქვეყანა, სადაც კოვიდ 19-ს ყველაზე მეტი - 550 000-მდე - ადამიანი
ემსხვერპლა, შეერთებული შტატებია. მსოფლიოში ვირუსით დაღუპულთა საერთო
რაოდენობის 19% აშშ-შია დაფიქსირებული. ჯანდაცვის სექტორის
წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ქვეყენაში მიმდინარე ვაქცინაციის
კამპანიის სწრაფი ტემპი კოვიდ 19-ით გარდაცვალების შემთხვევების
პრევენციას მოახდენს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მოსახლეობის მესამედმა
ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა უკვე მიიღო.
ამასთან, კომპანია Our World in Data-ს მონაცემებით, მსოფლიოში სულ
მცირე 370.3 მილიონ ადამიანს, ანუ პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით
4.75%-ს, ვაქცინის ერთი დოზა გაკეთებული აქვს.