აშშ: რუსეთი უკრაინელი ჩინოვნიკების რეკრუტირებას ცდილობს საოკუპაციო მიზნებისთვის
აშშ რუსეთის დაზვერვას ადანაშაულებს უკრაინის ყოფილი და ამჟამინდელი თანამდებობის პირების რეკრუტირებაში, რომლებმაც შემდგომში კიევში სახელმწიფო გადატრიალებაში უნდა მიიღონ მონაწილეობა და ოკუპანტთან ითანამშრომლონ.

გარდიანის ცნობით, აშშ-ის ხაზინამ უკრაინის პარლამენტის ორ მოქმედ წევრს და ორ ყოფილ ჩინოვნიკს სანქციები დაუწესა ზემოხსენებულ გეგმაში მონაწილეობის ბრალდებით. გამოცემის ცნობით, ეს განცხადება მიანიშნებს, რომ აშშ-ის დაზვერვის თანახმად, რუსეთი უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომისთვის ემზადება.

სანქცირებულებს შორის არიან დეპუტატები: ტარას კოზაკი და ოლეჰ ვოლოშინი. ორივე მათგანი ვიქტორ მედვედჩუკის პრორუსული პარტიის წევრები არიან. სანქცირებულთა შორის არიან ვოლოდიმირი ოლინიკი, ამჟამად რუსეთში მცხოვრები ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკი და ვლადიმირ სივკოვიჩი, უკრაინის უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსანი.

რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან.

წყარო: ნეტგაზეთი
Print