ყაზახეთი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ნავთობის ექსპორტის
გაზრდას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ყაზახური გამოცემა
Kazinform ქვეყნის ვიცე-პრემიერზე, ვაჭრობისა და ინტეგრაციის
მინისტრზე სერიკ ჟუმანგარინზე დაყრდნობით ავრცელებს.
“გასულ წელს “ყაზმუნაიგაზმა” და “სოკარმა” საბოლოოდ მოაწერეს ხელი
შეთანხმებას, 2023 წლიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1.5
მილიონი ტონა ნავთობის მიწოდებას ვგეგმავთ. მარტში უკვე დაიწყო
პროცესი, პირველი ორი ტანკერი გაიგზავნა - ეს 20 ათასი ტონაა,
აპრილისთვის 125 ათასი ტონა არის დაგეგმილი”, -
განაცხადა ჟუმანგარინმა.
მისი თქმით, ბაქო ნავთობის ტრანსპორტირების სხვა მარშრუტებსაც
სთავაზობს.
კერძოდ, ბაქო-სუფსას მილსადენის გამოყენებას და რკინიგზით ბათუმისა და
ფოთის პორტებში მიწოდებას. მინისტრის თქმით, ყაზახეთის მიერ ახლა
ბაქო-სუფსას მილსადენის ტექნიკური მახასიათებლების გამოთვლა
მიმდინარეობს.
“გუშინ საკმაოდ მკაფიოდ განიხილებოდა გაერთიანებული საწარმოს შექმნის
საკითხი, რომელიც ამ სატრანზიტო მარშრუტზე ერთიანი ოპერატორი
იქნებოდა, გამჭოლი ტარიფით, ტრანზიტის იაფი შესაძლებლობებით,
ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით” , - აღნიშნა
ჟუმანგარინმა.
ცნობისთვის, 2023 წლის 21 მარტს ყაზახეთმა რუსეთის გვერდის ავლით
ისტორიაში პირველად პირდაპირ მიაწოდა ნავთობი აზერბაიჯანს.