ზურაბიშვილი ალიევს: ერთად განვიცდით ოკუპაციას
ბაქოში საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრის დროს, სადაც მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები და მრავალმხრივი ურთიერთობების მიმართულებით საერთაშორისო ფორმატებში მხარდაჭერის საკითხები განიხილეს, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს და აზერბაიჯანის ისტორიულ წარსულზე ისაუბრა:


,,ჩვენი ქვეყნების მეგობრობას დიდი ისტორია აქვს, ძალიან ბევრი ტრადიცია გვაკავშირებს. ჩვენ დავიწყეთ თანამედროვე ცხოვრება ერთად.
100 წლის წინ ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთ დროს პატარა ფედერაციაც გვქონდა და ჩვენ ერთობლივად განვიცადეთ, რას ნიშნავს დამოუკიდებლობის დაკარგვა და რას ნიშნავდა განვლილი მძიმე წლები, რომლის წნეხიც ჩვენი სახელმწიფოების მშენებლობაზე დღესაც აღინიშნება.

ჩვენ ერთად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და ეს ბოლო წლები განვიცადეთ ერთნაირი ტრაგედიები და დღესაც განვიცდით იმას, თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორია, რომ შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჯერ არ არის აღდგენილი. ოკუპაციის ხაზები ჩვენთვის დღესაც ღია ჭრილობაა, რომელიც, ერთი მხრივ, ჩვენს განვითარებას აფერხებს, მაგრამ, ამავდროულად, ამ ტრაგედიების მიუხედავად, ჩვენ მაინც შევძელით, გავაძლიერეთ ჩვენი სახელმწიფოები დ ვავითარებთ ეკონომიკას, რათა ჩვენი გზა, დამოუკიდებელ ქვეყნად განვაგრძოთ. ეს არ არის პატარა წარმატება და გამარჯვება”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ზურაბიშვილის ბაქოში ვიზიტის დროს გაავრცელა.



წყარო: ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები