ბანგლადეშში 19 წლის გოგო, რომელმაც დირექტორს სექსუალურ შევიწროებაზე უჩივლა, ცოცხლად დაწვეს
ბანგლადეშში 19 წლის ნასრა ჯაჰან რაფი, რომელმაც სკოლის დირექტორს სექსუალურ შევიწროებაზე უჩივლა, სასწავლო დაწესებულების სახურავზე ცოცხლად დაწვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, 27 მარტს ნასრამ განაცხადა, რომ სკოლის დირექტორმა ოფისში დაიბარა და სექსუალურად შეავიწროვა, მან კი გაქცევა მოახერხა. 19 წლის გოგომ ოჯახის წევრებთან ერთად პოლიციაში საჩივარი შეიტანა და დაცვა ითხოვა. პოლიციის ოფიცერმა, რომელმაც ის გამოკითხა, თავისი მობილურით ვიდეო გადაუღო. მოგვიანებით, ეს ვიდეო ადგილობრივ მედიაში გავრცელდა.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ გოგო შეშინებულია და ხელებით სახის დამალვას ცდილობს. პოლიციის ოფიცერი კი ეუბნება, რომ "დიდი საქმე არ არის" და სახიდან ხელების ჩამოღებას სთხოვს. 27 მარტს, მას შემდეგ რაც გოგომ სექსუალურ შევიწროებაზე განაცხადა, სკოლის დირექტორი დააკავეს.

6 აპრილს ნასრა ფინალური გამოცდის ჩასაბარებლად სკოლაში მივიდა. მას სკოლის ეზოში ორმა მოსწავლემ სთხოვა, მეგობრის დასახმარებლად სახურავზე გაჰყოლოდა. სახურავზე მას ხუთი ადამიანი დახვდა, რომლებმაც ნასრას საჩივრის გამოტანა მოსთხოვეს, უარის შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს.

ნასრა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სხეულის 80 პროცენტი დამწვარი ჰქონდა, რის შედეგადაც ის 10 აპრილს გარდაიცვალა. მოსახლეობამ დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გამართა. პოლიციამ ამ საქმეზე 15 პირი დააკავა, მათგან ორი ნასრას სკოლის მოსწავლეა. ხოლო პოლიციელი, რომელმაც მას ჩვენების მიცემის დროს ვიდეო გადაუღო, სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები