შსს აზერბაიჯანელი უფლებადამცველის დაკავებას ადასტურებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანელი აქტივისტის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ავთანდილ მამედოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით, თაღლითობისთვის იძებნებოდა.

„აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 178.2.2.-ე მუხლი გულისხმობს არაერთგზის თაღლითობას. სწორედ ამ მუხლით იძებნებოდა ავთანდილ მამედოვი წითელი ცირკულარით.“ - გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში

შსს-ში განმარტავენ, რომ მამედოვი ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფება და ექტრადირების პროცედურების გავლის შემდგომ, შესაძლოა, აზერბაიჯანში გადაიყვანონ.

ავთანდილ მამედოვი დღეს, დილის საათებში დააკავეს. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას უფლებადაამცველმა ლეილა მამედოვამ განაცხადა, აზერბაიჯანელი უფლებადამცველი საქართველოში უკვე წელიწადნახევრის განმავლობაში იმყოფება. მან საქართველოს პოლიტიკური თავშესაფრის მიღებისათვისაც მიმართა, რასთან დაკავშირებითაც მორიგი სასამართლო სხდომა 21 ივნისს უნდა გამართულიყო.

ლეილა მამედოვას ინფორმაციით, ავთანდილ მამედოვს რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. მან საქართველოს პოლიციას მიმართა, მაგრამ სანამ თვალთვალის უშუალო მტკიცებულება თავად ავთანდილმა არ წარადგინა, პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.

რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები