“აზერბაიჯანი არ შეიცვლის საკუთარ პოზიციას ყარაბაღის
დარეგულირების საკითხშ ი, რამდენადაც ეს პოზიცია
სამართლიანია”,– ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა
ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანულ ტელეარხებთან ინტერვიუში ისაუბრა.
“ჩვენი პოზიცია დამყარებულია ისტორიულ სამართლიანობასა და
საერთაშორისო სამართალზე. კონფლიქტი აზერბაიჯანის ტერიტორიული
მთლიანობის ფარგლებში უნდა გადაიჭრას, ჩვენ არ დავუშვებთ აზერბაიჯანის
მიწაზე მეორე სომხური სახელმწიფოს შექმნას”.
ამასთან, ალიევმა “პასიურობისთვის” გააკრიტიკა ეუთოს [OSCE] მინსკის
ჯგუფი [ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით 1992 წლიდან შექმნილი
ჯგუფი, რომელიც ცდილობს, დიპლომატიურად მოაგვაროს კონფლიქტი. მინსკის
ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და აშშ].
” ეუთოს [OSCE] მინსკის ჯგუფი არ რეაგირებს სომხეთის
პრემიერის განცხადებაზე, რომ ყარაბაღი სომხეთია. ეს განცხადება
საფრთხეს უქმნის მოლაპარაკებებს და მნიშვნელობას
უკარგავს”, – აცხადებს ალიევი.
“დღეს ფაქტიურად არ არსებობს მოლაპარაკებები კონფლიქტის
დარეგულირების შესახებ, არც აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო
მინისტრების ვიდეოკონფერენციებს მოაქვს რაიმე შედეგი. ეს მხოლოდ ეუთოს
[OSCE] მინსკის ჯგუფის საქმიანობის იმიტაციაა. თუ მოლაპარაკებები
საგნობრივი არ იქნება, ჩვენ მასში მონაწილეობას აღარ
მივიღებთ”,- აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.
აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს
დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი
მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების
ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს
მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე
წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით
წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე
გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის
დარღვევაში.