სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ მსხვერპლია
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს, დღევანდელი, 27 ივლისის ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვაზე, აზერბაიჯანული მხარის სროლის შედეგად, სასიკვდილოდ დაიჭრა სომხეთის შეიარაღებული ძალების კონტრაქტორი აშოტ მიკაელიანი.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია ბაქოს ამ დრომდე გაუვრცელებია.

უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებითი სიმშვიდე იყო.

12 ივლისს მოულოდნელად დაწყებულ შეტაკებებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორივე მხარეს მსხვერპლი მოჰყვა. მათ შორის დაიღუპნენ აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნები. ორივე მხარე ერთმანეთს შეტაკებების დაწყებაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე შეტაკებები საზღვარზე ბაქოს ინტერესებში ნაკლებად შედის, ვინაიდან ბაქოსთვის მომგებიანი არ არის კონფლიქტის ზონის გადატანა ყარაბაღიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები