ჯანმო-ს ხელმძღვანელი - პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები დამღლელია, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში არ დანებდნენ და ხაზს უსვამს, რომ საყოველთაო „ლოკდაუნის“ თავიდან ასაცილებლად პირბადეების ტარებას, ფიზიკური დისტანციის დაცვასა და სხვა ზომებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

“სახლიდან მუშაობა, ბავშვების დისტანციურად სწავლა, მეგობრებთან და ოჯახთან ერთად მნიშვნელოვანი მოვლენების აღნიშვნაზე ან საყვარელი ადამიანების გლოვაზე უარის თქმა დამღლელია, მაგრამ ვერ დავთმობთ. არ უნდა დავნებდეთ,”-
განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.

მისივე თქმით, პოლიტიკამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ბევრ ქვეყანაში შეაფერხა.

„სადაც ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დაყოფას ეროვნულ დონეზე; სადაც ადგილი ჰქონდა აშკარა უპატივცემულობას მეცნიერების და ჯანდაცვის პროფესიონალების მიმართ, არეულობა მოხდა და შემთხვევები და სიკვდილიანობა გაიზარდა. აი, რატომ ვიმეორებ გამუდმებით : შეწყვიტეთ კოვიდ 19-ის პოლიტიზირება,“- განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ცნობისათვის, worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში, საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 43 776 587 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 1 164 515 და გამოჯანმრთელებულია 32 179 652 ადამიანი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები