მოსახლეობის ნაწილი საკუთარ სახლს წვავს კელბაჯარის აზერბაიჯანისთვის გადაცემამდე
მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარე რაიონებში, რომლებიც ბაქო-მოსკოვი-ერევნის ახალი შეთანხმებით უხლოეს პერიოდში აზერბაიჯანს გადაეცემა, ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს ცლის და ტოვებს, ნაწილი კი საკუთარ სახლს წვავს კიდეც.

ინფორმაციას BBC-ის მოსკოვის ბიუროს ჟურნალისტები, ვილ ვერნონი და იური ვენდიკი ავრცელებენ, რომლებიც ამჟამად ყარაბაღში იმყოფებიან.


ტვიტერზე ჟურნალისტი ვილ ვერნონი წერს: „დღევანდელი დღე მთიანი ყარაბაღის სოფელ დადივანკში [კელბაჯარის რაიონში] გავატარეთ. რეგიონი ორ დღეში აზერბაიჯანს გადაეცემა. ბევრი ადგილობრივი ცლის საკუთარს სახლს და მიემგზავრება. ზოგიერთი კი საკუთარ სახლს ცეცხლსაც კი უკიდებს, რათა აზერბაიჯანელების ხელში არ აღმოჩნდეს“.

მსგავს ინფორმაციას სომხური გამოცემა Zartonk-იც ავრცელებს.


9-პუნქტიანის შეთანხმება, რომელიც სომხეთს, აზერბაიჯნსა და რუსეთს შორის 10 ნოემბერს დაიდო, სხვა პუნქტებთან ერთად, ითვალისწინებს, რომ სომხეთი აზერბაიჯანს უბრუნებს კელბაჯარის რეგიონს 15 ნოემბრამდე და ლაჩინის რეგიონს პირველ დეკემბრამდე; ასევე, ტოვებს ლაჩინის დერეფანს, რომელიც აკავშირებს მთიან ყარაბაღს სომხეთთან; კარგავს გავლენას ქალაქ შუშაზე/შუშიზე; ამასთან, აღდამის რეგიონი, რომელსაც სომხური ძალები აკონტროლებენ, უბრუნდება აზერბაიჯანულ მხარეს 20 ნოემბრამდე;

ამასთან, ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, 43-დღიანი ბროძლის შედეგად, მათ დაკარგეს „ფიზულის, ჯაბრაილის, კუბათლუს, ზანგელანის რაიონები, ჰადრუთის რაიონის დიდი ნაწილი, მარტუნისა და ასკერანის რაიონების ნაწილები და, რაც მთავარია, შუში [შუშა]“.

წყარო: ნეტგაზეთი
Print