სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი გადადგა
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ანა ნაღდალიანის ცნობით, თანამდებობიდან გადადგა საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი. მნაცაკანიანის გადადგომის განცხადებას ნაღდალიანი საკუთარი Facebook-ის ანგარიშის საშუალებით ავრცელებს.


ზოჰრაბ მნაცაკანიანი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ნიკოლ ფაშინიანის მთავრობაში 2018 წლის მაისიდან იკავებდა.

დღეს საკუთარი პოსტები დატოვეს მმართველი პარტიის ოთხმა დეპუტატმაც. მათი განცხადებით, თანამდებობიდან წასვლის მიზეზი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ ფეისბუქზე გაკეთებული პოსტია, რაც სამოქალაქო ომისადმი მოწოდებად აღიქმებოდა.

ყარაბაღში 45- დღიანი ომის შემდეგ, 10 ნოემბერს ღამით, კონფლიქტის მხარეებმა და რუსეთმა ხელი მოეწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ.

შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა: აზერბაიჯანში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება „ისტორიული გამარჯვებაა“, ერევანში კი დაიწყო არეულობა — პარლამენტი და მთავრობის კანცელარია დაარბიეს, პარლამენტის თავმჯდომარეს სასტიკად გაუსწორდნენ — და საპროტესტო აქციები, სადაც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები