ყარაბაღში ნაღმის აფეთქებისას ერთი პირი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა
23 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ნაღმის აფეთქებას აზერბაიჯანის ერთი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

აფეთქების შედეგად დაიჭრა ერთი რუსი მშვიდობისმყოფელი და ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის 4 თანამშრომელი.

ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. სამინისტროს ცნობით, დაჭრილი ჯარისკაცი ბაქოში, ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სამინისტროს ცნობითვე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.



რუსი სამშვიდობოების კოლონა მთიანი ყარაბაღისკენ გადაადგილებისას. ფოტო: EPA

რადიო თავისუფლება იუწყება, რომ შემთხვევა მადაგიზთან ახლოს მოხდა.

News.am-ის თანახმად, 23 ნოემბერს რუსი სამშვიდობოებით, ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებითა და აზერბაიჯანელი ჯარისკაცებით დაკომპლექტებული საერთო ჯგუფი ომში დაღუპული სამხედროების ცხედრებს ეძებდნენ.

ნაღმები – ყარაბაღის დიდი პრობლემა

მოგვიანებით, 23 ნოემბერსვე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია ყარაბაღში განაღმვითი სამუშაოების გაგრძელების შესახებ.

ყარაბაღში არაერთი წელია, მუშაობს ბრიტანული ორგანიზაცია Halo Trust, რომელიც ტერიტორიების განაღმვაში აქტიურ მონაწილეობას იღებს.

ფონდის ცნობით, ყარაბაღში მსოფლიოს მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ნაღმის აფეთქების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება; მსხვერპლთა მეოთხედი ბავშვია.



Halo Trust-ის სამუშაოები ყარაბაღში

მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას ბაქოს, ერევანსა და მოსკოვს შორის 10 ნოემბერს მოეწერა ხელი.

შეთანხმების ძალით, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდნენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები