ბრიტანეთში ოქსფორდისა და ასტრაზენეკას ვაქცინა დაამტკიცეს
დიდ ბრიტანეთში მასობრივი გამოყენებისთვის დამტკიცდა ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ შექმნილი კორონა ვირუსის ვაქცინა. ბრიტანული წამლების რეგულატორის მიხედვით, ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური ვირუსთან საბრძოლველად.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენქოკის განცხადებით, აღნიშნული ვაქცინის გამოყენება დაიწყება 4 იანვარს.

გაერთიანებულმა სამეფომ უკვე შეუკვეთა ვაქცინის 100 მილიონი დოზა, რაც საკმარისი იქნება 50 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის. ერთ ადამიანზე გათვლილია ვაქცინის ორი დოზა.

AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა გახლავთ Pfizer-BioNTech-ის შემდეგ, რიგით მეორე ვაქცინა, რომელიც ბრიტანეთში გამოყენებისთვის დამტკიცდა. Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით უკვე აიცრა 600 000-ზე მეტი ბრიტანეთის მოქალაქე.

ბრიტანული BBC-ის ცნობით, AstraZeneca-ს ვაქცინის დამტკიცება მნიშვნელოვანია, რადგან იგი არის შედარებით იაფი და მასობრივი წარმოებისთვის მარტივი. ასევე ადვილია მისი შენახვა და ტრანსპორტირებაც. განსხვავებით უკვე არსებული ანალოგებისგან, მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშიცაა შესაძლებელი.

გაერთიანებულ სამეფოში ვაქცინაციას პირველ რიგში მოხუცები, დღის ცენტრების ბენეფიციარი პირები და ჯანდაცვის მუშაკები გაივლიან.

გაერთიანებულ სამეფოში ამ დრომდე კორონა ვირუსის 2.380 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 71 000-ზე მეტი მოქალაქე. ქვეყანაში ასევე ვრცელდება ვირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი, რომელიც აქამდე არსებული მუტაციებიდან ყველაზე სწრაფად ვრცელდება, თუმცა არ ახასიათებს დაავადების უფრო რთული ფორმები. ჯანდაცვის ექსპერტთა განცხადებით, ვაქცინაცია ვირუსის ახალი მუტაციის წინააღმდეგაც იმუშავებს, რადგან მუტაციის შედეგად მნიშვნელოვნად არ არის შეცვლილი ვირუსის თავდაპირველი სტრუქტურა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები