კომპანიები BioNtech-ი და Pfizer-ი პირობას დებენ, რომ 2021 წლის
მეორე კვარტალში ევროკავშირს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის
დაგეგმილზე 75 მილიონამდე მეტით დოზას გადასცემენ, - ამის შესახებ
ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაციის პროგრამა
შეფერხებით მიმდინარეობს, რისი მიზეზიც ორი მსხვილი მიმწოდებლისგან
BioNTech-Pfizer- სა და AstraZeneca- სგან ვაქცინების შემცირებული
რაოდენობით მიწოდებაა, რომლებსაც წარმოებაში პრობლემები შეექმნათ.
გერმანული კომპანია BioNTech-ი და ამერიკული კომპანია Pfizer-ი
აცხადებენ, რომ გერმანიის ცენტრალურ ქალაქ მარბურგში მიმდინარე თვეში
ახალ საწარმოს გახსნიან, რაც ყოველწლიურად ვაქცინის 750 მილიონი დოზის
წარმოების შესაძლებლობას შექმნის. საერთო ჯამში, BioNTech-Pfizer 2021
წლის ბოლომდე ევროკავშირისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის
დაახლოებით 2 მილიარდი დოზის წარმოებას გეგმავს, რაც თავდაპირველად
დაგეგმილ 1.3 მილიარდზე მეტია.