მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ალექსეი ნავალნის საქმეზე მოსმენა დაიწყო
მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელის პატიმრობით შეცვლის საკითხთან დაკავშირებული სხდომა მიმდინარეობს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ნავალნის ინტერესებს ადვოკატები ვადიმ კობზევი და ოლგა მიხაილოვა იცავენ.

სასამართლოს დარბაზში ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია და მედიის ათობით წარმომადგენელიც იმყოფებიან.

სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. რუსული სააგენტო „რია-ნოვოსტი“ საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ სასამართლოს სხდომის დაწყებამდე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ბრალდებები უნდა განიხილონ, რომლის თანახმადაც ალექსეი ნავალნიმ გაფლანგვის საქმეზე 2014 წელს მისჯილი პირობითი სასჯელი დაარღვია.

შეგახსენებთ, 2014 წლის დეკემბერში ალექსეი ნავალნი მოსკოვის სასამართლომ 30 მილიონი რუსული რუბლის გაფლანგვასთან დაკავშირებული „ივ-როშესა“ და 16 მილიონი რუბლის გაფლანგვასთან დაკავშირებული „კიროვლეს“ საქმეებზე დამნაშავედ ცნო და პირობითი სასჯელი მიუსაჯა. 2017 წლის აგვისტოში კი გამოსაცდელი ვადა 2020 წლის 29 დეკემბრამდე გაუგრძელეს. „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამვლის გამო ბერლინის საავადმყოფოში გადაყვანილი ნავალნი 17 იანვარს, რამდენიმე თვიანი მკურნალობის შემდეგ, რუსეთში დაბრუნდა. ის მოსკოვის აეროპორტშივე დააკავეს და 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები