სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მეშვიდე შეხვედრა ორ დღეში გაიმართება
”ენერგეტიკული თანამშრომლობა ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მოხარული ვართ, რომ დავასრულეთ ჩვენი მთავარი პროექტი - სამხრეთ გაზის დერეფანი,” - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროპულ სამეზობლოსა და ამერიკაში ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის, ვენდი მორტონის მიღებისას განაცხადა.

”თქვენ იცით, რომ BP ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. თავიდანვე ეს კომპანია მონაწილეობდა როგორც ინვესტორი აზერბაიჯანში განხორციელებულ მსხვილ პროექტებში. "საუკუნის კონტრაქტის" გახანგრძლივების შემდეგ, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება მრავალი ათწლეულის განმავლობაში ", -
თქვა აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა და დასძინა, რომ სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მეშვიდე შეხვედრა ორ დღეში გაიმართება.

მისი თქმით, შეხვედრაზე განხილული იქნება მიღწეული შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

"რა თქმა უნდა, გაერთიანებული სამეფოს ინვესტიციები აზერბაიჯანში ძალიან დაგვეხმარა ქვეყნის მოდერნიზებაში. თითქმის $ 30 მილიარდის ბრიტანული ინვესტიციაა ჩადებული აზერბაიჯანის ენერგეტიკის სექტორში. მან მოგვცა საშუალება ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის გამოგვეყენებინა. უახლოეს წლებში ჩვენი ყურადღების ძირითადი სფერო იქნება არაენერგეტიკული სექტორის განვითარება აზერბაიჯანში ”, -
განაცხადა ალიევმა.

შეგახსენებთ, 2021 წლიდან აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. სამხრეთი გაზის კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება.

სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი -ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, 2019 წელს გახსნა.

გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

ყველაფერს tap-ზე, ასევე tanap-სა და სამხრეთ გაზის კორიდორზე, ასევე აზერბაიჯანულ გაზზე, გაეცანით report.ge-ს ანალიტიკაში. 

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები