გერმანიაში ახალი კოვიდ შეზღუდვები ამოქმედდა
გერმანიაში, კორონავირუსის შემთხვევების შემცირების მიზნით, დღეიდან ახალი შემზღუდველი ზომები ამოქმედდა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ახალი ზომების თანახმად, მოქალაქეები ვალდებულები არიან, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამუშაო ადგილებზე ვაქცინაციის, გამოჯანმრთელების ან კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინონ.

მანამდე, ასეთი დოკუმენტის წარდგენა დახურულ სივრცეებში, მათ შორის ბარებში, რესტორნებსა და გასართობ ობიექტებში შესვლისას იყო აუცილებელი.

ამასთან, მთავრობამ დამსაქმებლებს მოუწოდა, შესაძლებლობის შემთხვევაში, თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის ნება დართონ. ასევე, ტარდება სავალდებულო, ყოველდღიური ტესტირება მოხუცებულთა თავშესაფრების თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის, მიუხედავად იმისა, ვაქცინირებულები არიან თუ არა ისინი.

გერმანიაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 66 884 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 335 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, ავადობის შვიდდღიანმა კოეფიციენტმა, რომელიც ყოველ 100 000 მოსახლეზე დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას ასახავს, 404.5-ს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია