404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
რატომ არის ახალი კორონავირუსი გრიპზე უფრო სახიფათო?
სოციალურ ქსელებში კვლავ აქტიურად ვრცელდება მანიპულაციური მტკიცებები COVID-19-ის სხვა ვირუსებთან შედარებების სახით.
ყალბი ინფორმაცია

Facebook მომხმარებელმა გოჩა ქართველი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც, მისი თქმით, ექიმ და ბიზნესმენ რამაზ გაგნიძეს ციტირებს. პოსტში საუბარია ე.წ. „კორონა-აფიორაზე“, რომელიც რამდენიმე მცდარ მტკიცებას შეიცავს:

• კორონავირუსი სხვა გრიპის ვირუსებთან შედარებით ნაკლებად მომაკვდინებელია;

• უსიმპტომო პაციენტი არ არსებობს;

• საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკის მატება საეჭვოდ უკავშირდება მომავალ არჩევნებს.

მტკიცება: კორონავირუსი სხვა გრიპის ვირუსებთან შედარებით ნაკლებად ლეტალურია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ახალი კორონავირუსის გამოჩენისთანავე სეზონურ გრიპთან მისი არასწორად გაიგივება დაიწყო. გავრცელდა ყალბი ამბები, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოს გრიპით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე კორონავირუსით.

გრიპიც და კორონავირუსიც რესპირატორულ დაავადებებს იწვევს, ამიტომ მათი სიმპტომები მსგავსია. ორივე ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა წვეთოვანი გზით. შესაბამისად, მსგავსია ჯანდაცვის ზომებიც - ხელების ჰიგიენა, პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანცირება.

თუმცა სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, მათი ერთმანეთთან გაიგივება არ შეიძლება, რადგან ისინი ორ სხვადასხვა ვირუსს წარმოადგენენ. COVID-19 ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციაა. ამ ეტაპზე ის გაცილებით საშიშია, ვიდრე გრიპის ვირუსები შემდეგი მიზეზების გამო:

COVID-19 ახალი ინფექციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია და არ არსებობს დამტკიცებული ვაქცინა ვირუსის წინააღმდეგ.

COVID-19 უფრო გადამდებია, ვიდრე გრიპის ვირუსები. კორონავირუსის ეს შტამი აინფიცირებს 2-2.5 ადამიანს, გრიპი კი - 1.3-ს. შესაბამისად, COVID-19 უფრო სწრაფად ვრცელდება.

• არსებული მონაცემებით, COVID-19-ის შემთხვევაში სიკვდილიანობის კოეფიციენტი გაცილებით მაღალია, ვიდრე სეზონური გრიპის შემთხვევაში. COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი საერთო შემთხვევების 1%-ია, სეზონური გრიპის გარდაცვალების მაჩვენებელი დაახლოებით 0.1%-ია. თუმცა, ამ ორი მონაცემის ერთმანეთთან შედარება არამართებულია. გრიპის ცალკეული ვირუსების შემთხვევაში, გარდაცვლილების შესახებ სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს და მხოლოდ დაახლოებით მაჩვენებლებზე შეგვიძლია საუბარი. ამასთან, რადგან ამ ეტაპზე კორონავირუსის პანდემია აქტიურ ფაზაშია, COVID-19-ის სიკვდილიანობის ზუსტი კოეფიციენტის განსაზღვრა რთულია და ეს პანდემიის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

აქვე აღსანიშნავია, რომ COVID-19-ს შეიძლება უფრო მძიმე გართულებები მოჰყვეს, ვიდრე გრიპს. უმეტეს შემთხვევაში, ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა რიგ შემთხვევებში მას თან მძიმე გართულებები ახლავს, რომლებიც შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს. საშუალო და კრიტიკულ შემთხვევებში მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის განვითარების ალბათობა დიდია, რომლის დროსაც ფილტვის ალვეოლებში სითხე გროვდება. დაგროვებული სითხის გამო ფილტვებში საკმარისი სივრცე ჰაერისთვის აღარ რჩება, რის შედეგადაც, სისხლის მიმოქცევის სისტემაში გაცილებით ნაკლები ჟანგბადი აღწევს. მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის დროს საჭიროა ჟანგბადის მიწოდება და ხელოვნური ვენტილაცია.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, COVID-19-ით სიკვდილიანობის ზუსტი მაჩვენებელი არ არის ცნობილი, მაგრამ სავარაუდოდ, იგი მნიშვნელოვნად მაღალია, შესაძლოა, 10-ჯერ ან უფრო მეტადაც, ვიდრე გრიპის შტამების უმეტესობა.

მტკიცება, რომ ახალი კორონავირუსი ნაკლებად ლეტალურია სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, აღნიშნული მანიპულაციური მტკიცებები სხვა ქვეყნებშიც მრავლად გავრცელდა. იხილეთ ამ თემაზე სხვა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების სტატიები (ბმული 1, ბმული 2).

BBC-ის ცნობით, Facebook- მა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოსტი წაშალა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ COVID-19 ნაკლებად მომაკვდინებელია, ვიდრე გრიპი.

მტკიცება: უსიმპტომო პაციენტი არ არსებობს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ახალი კორონავირუსი შესაძლოა, უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. უსიმპტომოდ ითვლება პირი, რომელსაც COVID-19-ის ინფექცია, დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის გარეშე გადააქვს.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) უსიმპტომო და პრესიმპტომურ შემთხვევებს გამოყოფს. კერძოდ, პრესიმპტომურია პირი, რომელსაც ლაბორატორიულად COVID-19 დაუდასტურდა და არანაირი სიმპტომი არ აქვს, თუმცა სიმპტომებს მოგვიანებით, ინფექციის მსვლელობისას ავლენს. უსიმპტომო შემთხვევაა, როდესაც პირს ინფექცია სიმპტომების გამოვლენის გარეშე გადააქვს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში პაციენტების 36.2% PCR ტესტირების დღეს ასიმპტომური იყო. თუმცა სიმპტომები შესაძლოა, მოგვიანებით, დაავადების მიმდინარეობასთან ერთად, გამოვლენილიყო.

მანიპულაცია სექტემბერში COVID-19-ის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით

Facebook- პოსტში გამოთქმულია კონსპირაციული ვარაუდი, რომ სექტემბერში COVID-19-ის შემთხვევების მატება მთავრობის ინტერესებში იყო და არჩევნებთან არის კავშირში.

საქართველოში, სექტემბრის დასაწყისიდან, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. 1 სექტემბრის მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირების 1 510 შემთხვევა იყო დადასტურებული. 7 ოქტომბრის მონაცემებით კი 9 753 შემთხვევაა დადასტურებული. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესება, შეიძლება ითქვას, რომ მოსალოდნელიც კი იყო. ამის ასახსნელად რამდენიმე მიზეზის მოყვანაა შესაძლებელი, მათ შორის, შეზღუდვების შემსუბუქება, რეკომენდაციების ნაკლებად დაცვა და ტურისტული სეზონი.

1 სექტემბრის შემდეგ დადასტურებული შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა აჭარის რეგიონზე მოდის. ვინაიდან ზაფხულის სეზონი დაიწყო და მოქალაქეები დასასვენებლად ტურისტული მიზნით ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებდნენ, მთელი ყურადღება შიდა ტურიზმზე გადავიდა. ამ მიმართულებით მთავარ დანიშნულების წერტილად სწორედ აჭარა გადაიქცა. ზაფხულის განმავლობაში აჭარაში უამრავი ღონისძიება ჩატარდა და ამ ღონისძიებებზე, ძირითადად, რეკომენდაციების დაცვა ვერ მოხერხდა. „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში მოცემულია იმ ობიექტების სია, რომლებიც სწორედ ამ პერიოდში სახელმწიფომ დააჯარიმა ან/და დახურა.

ამასთან, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები ჯერ კიდევ პანდემიის პირველი ტალღის დროს, გაზაფხულზე, საუბრობდნენ, რომ ზაფხულის დასრულების შემდეგ ვირუსის მეორე ტალღა იყო მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე, არაფერი გაურკვეველი და ამოუხსნელი მეორე ტალღასა და შემთხვევების მატებაში არ არის. არც ისაა გასაკვირი, რომ პირველ ტალღასთან შედარებით, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა უფრო მაღალია. ეს სწორედ შეზღუდვების ნაკლებობით აიხსნება. მარტში ხელისუფლების მიერ მიღებულმა ზომებმა, ფაქტობრივად, ქვეყნის სრული ჩაკეტვა გამოიწვია, რამაც ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად შეაფერხა. ხოლო ზაფხულში მოხსნილმა შეზღუდვებმა, სხვა ზემოჩამოთვლილ მიზეზებთან ერთად, სავსებით ლოგიკურად, შემთხვევათა მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

აქვე აღსანიშნავია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაცია და კონსპირაციული ვარაუდები, ახალ კორონავირუსის გავრცელებას ხელს უწყობს, რადგან ადამიანების გარკვეული ნაწილი პრევენციული ზომების დაცვაზე უარს აცხადებს.

წყარო: factcheck.ge/ თეონა აბსანძე

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია