„სახედამალული პატარძალი“, - ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის არაინფორმირებული არჩევანი
პრეზიდენტობის კანდიდატების პოლიტიკური წარსული, მათი სამომავლო ხედვა, სტრატეგია, ღირებულებები და პრიორიტეტული საკითხები განსაზღვრავს მოქალაქეების არჩევანს. უფრო სწორედ, უნდა განსაზღვრავდეს. მაგრამ მარნეულის სოფლებში საქმე სხვაგვარად არის. ქართული ენის უცოდინარობა მათ სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობას აფერხებს.

სოფელ იმირში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა. 28 ოქტომერს სამართალდამცველებმა, ამ კონფლიქტში მონაწილე ორი პიროვნება პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.

იმირის N59 საარჩევნო უბნის პირველი ტური გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებით დასრულდა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა 291 ხმით გაიმარჯვა. სალომე ზურაბიშვილმა 69 ხმით ნაკლები დააგროვა.

მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის უჩვეულოა, როცა გამარჯვება ოპოზიციას რჩება. ამიტომაც გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, რითი იყო განპირობებული იმირლების არჩევანი, რა იცის მოსახლეობამ იმ პოლიტიკური ძალის შესახებ, ვისაც მხარს უჭერს. აღმოჩნდა, რომ უმეტესობა არ ფლობს ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის და გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკური გზავნილებისა და ხედვის, მათი პოლიტიკური წარსულის შესახებ. ენის უცოდინარობის გამო, ქართულ არხებს ვერ უყურებენ და ფაქტობრივად, არ აქვთ ინფორმაციის წყარო.



იმირის მოსახლეობა სოფლის ცენტრალურ გზაზე

იმირელი გუმბათ გასუმოვი არჩევნებს ქორწინების აზერბაიჯანულ ტრადიციას ადარებს, როცა სიძემ არ იცოდა, თუ ვინ იყო პატარძალი: „როდესაც ძველად ვინმე ქორწინდებოდა, პატარძალს კაბას აცმევდნენ და სახეს მთლიანად უფარავდნენ. ახლაც ზუსტად ასეთი არჩევნებია, ღია არაა. ხალხმა არც კი იცის, თუ რა მიმართულებით მიდის“.

სოფელი იმირი ეთნიკურად აზერბაიჯანლებით არის დასახლებული. იქ ქართული თითქმის არავინ იცის, მათ შორის, არც ამილხან გოჯაევმა. ის არ ფლობს ინფორმაციას კანდიდატების შესახებ. მისთვის არავის უთქვამს თუ რა ხედვა ან ღირსება აქვს ან სალომე ზურაბიშვილს, ან გრიგოლ ვაშაძეს, მაგრამ დარწმუნებულია, ხალხი მხარს ღირსეულ კანდიდატს დაუჭერს.

„ - როგრ იგებთ თუ ვინაა ღირსეული?
- არ ვიცი, ხალხი ხომ ყველას გულებს ვერ წაიკითხავს. ვინც ღირსეულია იმას დაუჭერს მხარს.
- როგორ იღებენ ადამიანები ამის შესახებ ინფორმაციას?
- არ ვიცი. ვინც ღირსეულია იმას დავუჭერ მხარს,“
- გვითხრა ამილხან გაჯოევმა.

კანდიდატების შესახებ ინფორმაციას იმირში თითქმის არავინ ფლობს. საკუთარ არჩევანს რადიო „მარნეულთან“ არ მალავენ. ყველა, ვისაც ვეასუბრეთ, მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს, მაგრამ არ აქვს პასუხი კითხვაზე, რატომ?

„მე არც ვიცნობ მაგ კანდიდატს (სალომე ზურაბიშვილს). მაგრამ ქვეყნის ხათრით მივცემ ხმას“ - გვეუბნება პროდუქტების გამყიდველი ქალი.

იმირში ბევრმა ისიც არ იცის, სალომე ზურაბიშვილი რომ დამოუკიდებელი კანდიდატია. მათთვის ის სახელისუფლებო პარტიას წარმოადგენს. „არის პარტიები, რომლებიც კარდაკარ ჩამოივლიან და ფულს ურიგებენ ხალხს, მაგალთად 5 ნომერი. სახელმწიფო არსებობს და მათ უნდა მივცეთ ხმა. ხელისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს. ივანიშვილიც გვიჭერს მხარს. აზერბაიჯანი ვისაც გვეტყვის მაგას ავარჩევთ. სააკაშვილი აქ აღარ მოვა“ - გვეუბნება იმირის მკვიდრი




ვითარება არ განსხვავდება მარნეულის სხვა სოფლებშიც. ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა არ ფლობს ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც განსაზღვრავს, ვის დაუჭიროს მხარი. ასეთ დროს უმრავლესობა მმართველი პარტიისკენ იხრება. ეს იმით არის განპირობებული, რომ ხელისუფლება სახელმწიფოსთან იგივდება, მოსახლეობას კი სურს, საკუთარი თავი სახელმწიფო ინტერესების დამცველებად წარმოაჩინოს. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მონაცემებმა ტრადიციული სურათი, - ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონში მმართველი პარტიის აბსოლუტური უპირატესობა, შეცვალა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, მარნეულში 90 უბნიდან 16 884 ხმა სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო 13 796 ხმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო. ქალაქში გახსნილი 15 საარჩევნო უბნიდან 14-ში გრიგოლ ვაშაძემ, ხოლო ერთში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. რაც შეეხება სოფლებში გახსნილ საარჩევნო უბნებს, 49-ში ზურაბიშვილმა, ხოლო 25 ვაშაძემ გაიმარჯვა. გამორჩეული იყო სოფელ ქვემო ყულარის შედეგები, სადაც გრიგოლ ვაშაძემ და სალომე ზურაბიშვილმა ხმების თანაბარი რაოდენობა, 131-131 ხმა მიიღეს.

ეთნიკური აზერბაიჯანელები რომ არასდროს ყოფილან ჩართულები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამაზე ფულბრაითის პროგრამის ფარგლებში, კონფლიქტოლოგიის მკვლევარი, ქამრან მამედოვი საუბრობს. მისი თქმით, ეთნიკურ უმცირესობას წინა ხელისუფლების დროს მომხდარი დადებითი ცვლილებები ახსოვს და არ ფლობს ინფორმაციას ისეთი გახმაურებული საქმეების შესახებ, როგორიცაა გირგვლიანის და რობაქიძის საქმე.

ინფორმაციული ვაკუუმი არც დღეს გარღვეულა. მოსახლეობა მხოლოდ იმას აფასებს, რასაც საკუთარი თვალით ხედავს ან საკუთარ თავზე გრძნობს და არ ფლობს ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ხორავას ქუჩის, ან მაჩალიკაშვილის საქმის შესახებ.



წინასაარჩევნოდ ინფორმაციის მიღების ერთადერთი საშუალება კანდიდატებთან შეხვედრებია, რომელსაც მოსახლეობის მცირე ნაწილი ესწრება. პოლიტიკოსების მთავარი გზავნილებიც სწორედ ასეთ ღონისძიებებზე ჟღერდება.

სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მარნეულელებთან შეხვედრისას ხაზი ისეთ თემებს გაუსვა, როგორიცაა ორმაგი მოქალაქეობა, სახელმწიფო ენის შესწავლა და მშობლიური ენის შენარჩუნება.

მარნეულელი დეპუტატი და სალომე ზურაბიშვილის შტაბის ხელმძღვანელი რუსლან გაჯიევი ამბობს, რომ ამომრჩევლებს უყვებიან თუ რატომ არიან ცუდები გაერთიანებული ოპოზიციის წევრები.

„რა პროპაგანდაც მოდის ოპოზიციური ძალების მხრიდან ყველაფერი სიცრუეა. ჩვენ მივიტან ადამიანებამდე სიმართლეს, რომ კენჭს იყრის ვაშაძე და არა სააკაშვილი, რათა ადამიანებმა იცოდნენ. და კიდევ, მაქსიმალურად მივიტანთ ადამიანებამდე ინფორმაციას, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში და რა გააკეთეს მათ თავისი მმართველობის პერიოდში, 9 წლის განმავლობაში.“ - ამბობს რუსლან გაჯიევი და ამტკიცებს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არ არსებობს და ის მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხედავს. დეპუტატს ეჭვი არ ეპარება, რომ მოსახლეობამ იცის, თუ რატომა არის კარგი სალომე ზურაბიშვილის არჩევა.

„ხალხმა იცის, რომ ის (სალომე ზურაბიშვილი) საქართველოს ევროკავშირში შესვლის პროცესზე ზემოქმედებას მოახდენს. ის უფრო მეტ ზემოქმედებას მოახდენს საქართველოს ევროატლანტიკურ კავშირში გაწევრიანებაზე, ნატოში გაწევრიანებაზე. მთელ სტრუქტრაში ამის დიდი იმედები გვაქვს.“ - გვითხრა რუსლან გაჯიევმა.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მარნეულელ ამომრჩევლებთან შეხვედრისას თქვა, რომ აქაც ისეთივე პრობლემებია, რაც დანარჩენ საქართველოში. ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტად ინტეგრაციისათვის ვაშაძის ხედვა ქართული ენის გაძლიერებულ სწავლებას უკავშირდება.

„ჩვენს მომავალ გეგმებზე ვლაპარაკობთ, თუ რა შეიცვლება და რატომ მოვდივართ მთავრობაში, ჩვენ რა გავაკეთეთ 9 წელში და „ოცნებამ“ რა გააკეთა 6 წელში. ჩვენი აშენებული ქვეყანა იყო და ახლა „ოცნების“ დანგრეული ქვეყანაა. აი, ამ თემებზე ვლაპარაკობთ ყველა სოფელში“, - გვითხრა აზერ სულეიმანოვმა.

პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან გვიყვება, რომ სოფლებში ყოველდღიურად დადიან და სჯერა, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილზე სამჯერ მეტ ხმას მიიღებენ. აზერ სულეიმანოვის მტკიცებით, პირველი ტური გაყალბდა და მათ ბევრად უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავთ, ვიდრე არჩევნების დროს გამოვლინდა.

მარნეულელების მხარდაჭერის მოპოვებას გაერთიანებული ოპოზიცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით ცდილობს. მარნეულის სხვადასხვა სოფელში წინასაარჩევნო კამპანიის დროს სააკაშვილი მოსახლეობას სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობთ უკავშირდებოდა. აზერ სულეიმანოვი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სააკაშვილის ჩართვების ერთ-ერთი მიზეზი მისი ავტორიტეტია.

„სააკაშვილი არის ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ამაში ცუდი არაფერი არაა. ეს ჩემი თხოვნა არ არის, ესაა ხალხის თხოვნა. ხალხს უნდა სააკაშვილის დაბრუნება საქართველოში და მალე, არჩევნების შემდეგ, ის საქართველოში დაბრუნდება.“ - ამბობს აზერ სულეიმანოვი

„ქართული ოცნება“ და გაერთიანებული ოპოზიცია მარნეულში ერთი სტრატეგიით მუშაობს, - „მოგიყვებით, თუ რატომ არიან ისინი ცუდები“. პარტიების პოლიტიკურ ხედვებსა და გეგმებზე მოსახლეობასთან პოლიტიკოსები თითქმის არ საუბრობენ.




საქართველოს აზერბაიჯანელთა ახალგაზრდობის კავშირის ხელმძღვანელის ლეილა მამედოვას თქმით, არჩევნების პროცესი მედიასაშუალებების მეშვეობით საკმაოდ აქტიურად შუქდება. აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნება ცენტრალური საარჩვენო კომისიის ყველა დოკუმენტაციაც და ამ მიმართულებით პრობლემები თითქმის არ არსებობს. ამის მიუხედავად, ლეილა მამედოვა აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისათვის ინფორმაციულ გარემოს ხელმისაწვდომად არ მიიჩნევს. მისი მტკიცებით, ეთნიკური უმცირესობა ვერ იღებს ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლეების შესახებ, რაც მათ არჩევანზე დიდ გავლენას ახდენს.

„პრაქტიკულად არჩევნების პერიოდში, რასაც ჩვენ ვეძახით, პარტიის პლატფორმას, არ არსებობს. ინფორმირებულობა პარტიის მიზნებისა და მეთოდების შესახებ ძალიან ცუდად ხდება. საერთო ჯამში, პარტიები თუ აწვდიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ამომრჩეველს ინფორმაციას, მათთვის გასაგებ ენაზე, ეს ყველაფერი ხდება თეზისების ფორმით და ეს არ ხდება მხოლოდ ეთნიკური უმცირესობებთან. თავად საზოგადოებას არ აქვს ისეთი პოლიტიკური ცნობიერება, რომ მოსთხოვოს კანდიდატებსა და პარტიებს მთლიანი ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ, რაც მიცემდა ადამიანებს საშუალებას, რომ დაენახათ განსხვავება სხვადასხვა პარტიას შორის.“ - გვეუბენბა ლეილა მამედოვა

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები როგორც თვითმმართველობის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების წევრები არიან. კონფლიქტოლოგიის მკვლევარი, ქამრან მამედოვი აქ სხვა პრობლემას ხედავს: მთავრობის ეთნიკურად აზერბაიჯანელ წევრებს პოლიტიკური წარსული არ გაანჩიათ და მხოლოდ პარტიის წარმომადგენლის სტატუსს ატარებენ, რაც მათი მანდატის დასრულებისთანავე სრულდება. ასევე, სრულდება ხელისუფლებიდან წასული პარტიის მხარდაჭერა. ამას არ განაპირობებს ის ინფორმაცია, რასაც მოსახლეობა მათ შესახებ ფლობს. საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ხალხს ახსოვს მხოლოდ წინა ხელისუფლების მიერ დაგებული გზები და რეფორმები, სხვა ინფორმაციას კი უბრალოდ არ ფლობს. იგივე ხდება ახლა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღე დარჩა. ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე ამ ერთი თვის განმავლობაში არ შეცვლილა. მათ არჩევანის გაკეთება კვლავ ძველი აზერბაიჯანული ტრადიციის მიხედვით მოუწევთ, როცა არ იციან, როგორია სახედამალული პატარძალი.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები